ზღვის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

12:28, 10.07.2026

იაპონიამ იპოვა პოტენციურად იდეალური ადგილი კომერციული წყალქვეშა ოქროს მაღაროს ასაშენებლად; თუმცა, დიდი გლობალური დებატების საგანია, შესაძლებელია თუ არა ეს.

იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ჩაძირულ წყალქვეშა კრატერში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ე. წ. შავი მწეველი ბუხრები და ჰიდროთერმული ბორცვები, რომლებიც აქტიურად აწარმოებენ დიდი ოდენობით ოქროს.

ისინი არა მხოლოდ აფრქვევენ ამ სასურველი მასალის პაწაწინა მარცვლებს, არამედ ასევე ქმნიან „უხილავ ოქროს“, რომელიც არც შეუიარაღებელი თვალით ჩანს და არც სტანდარტულ მიკროსკოპში.

ეს ოქრო ზღვის ფსკერის მასალებშია გახვეული. ამ კონკრეტულ მიწისქვეშა კრატერში კონცენტრაცია უდიდესია მსოფლიოში სხვა ნებისმიერ ადგილას აღმოჩენილთა შორის.

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა — სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, რაც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი გვაფრთხილებდა, რომ ზღვის ფსკერის აქტიური ღრმულები კომერციული მოპოვებითი ინტერესებისგან დაცვას საჭიროებს.

ჰიგაში-აოგაშიმას ღრმულები 2015 წელს აღმოაჩინეს იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში და ამ დრომდე უცნობია, რა ოდენობის წყლის სიცოცხლე ბინადრობს ამ ჰიდროთერმულ ველზე.

თუმცა, უფრო ნათელი ისაა, რამდენ ოქროს შეიცავს ისინი.

შიძუოკას უნივერსიტეტის, ვასედას უნივერსიტეტისა და ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს ჰიდროთერმული ველებიდან აღებული ნიმუშები; ეს ღრმულები ტოკიოდან დაახლოებით 350 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს.

მეორეული იონების მასსპექტრომეტრიის (SIMS) გამოყენებით, რაც ძლიერ მგრძნობიარეა უმცირესი ოდენობის ოქროს მიმართ, მკვლევართა ჯგუფმა „უკიდურესად მაღალი ხარისხის“ ოქროს საიდუმლო საბადოებს მიაგნო.

ეს უხილავი ნანონაწილაკები პირიტში იმალება — სულფიდ მინერალში, რომელიც წარმოიქმნება ზღვის ფსკერიდან ამომავალ ცხელ, ლითონით მდიდარ სითხეებში.

პირიტი რკინისა და გოგირდის მბზინავი ნაზავია; ვიზუალის გამო, მას ხშირად „სულელების ოქროს“ უწოდებენ.

ნამდვილი ოქრო კი ამ „სულელების ოქროში“ იმალება.

როგორც ჩანს, ოქრო პირიტში ნანონაწილაკების სახით იჭედება ან ის შეიძლება შეიცავდეს ცალკეულ ატომებს, რომლებიც ჩანერგილია მინერალის ქიმიურ შემადგენლობაში.

ჰიგაში-აოგაშიმას კალდერაში ორივე ეს ფორმა არსებობს.

კვლევის ავტორთა დასკვნით, ამ კონკრეტულ წყალქვეშა კრატერში არსებული პირიტი „ამჟამად მსოფლიოში ოქროს ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა“.

ამას გარდა, ეს ადგილი შედარებით დაბალ სიღრმეზეა ოქროს შემცველ სხვა ღრმულებთან შედარებით.

ჰიგაში-აოგაშიმას კალდერის ხელმისაწვდომობა და მაღალი შემცველობა მას უკიდურესად მიმზიდველს ხდის მომავალი მაღაროსთვის.

ამჟამად არ არსებობს მოქმედი კომერციული ოქროს მაღარო ოკეანის ფსკერზე, მიუხედავად დიდი განხილვისა და დებატებისა.

მეცნიერები მთელი მსოფლიოდან, ჯერ კიდევ ცდილობენ იმ გზების დადგენას, როგორ მოხდეს „უხილავი ოქროს“ ამოღება ზღვის ფსკერიდან იაფად და ეფექტიანად.

წარსულში, პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან წყალქვეშა მაღაროს შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა მას შემდეგ, რაც კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და გარემოს დამცველთა მხრიდან პროტესტს გადააწყდა.

კუნძულოვანი სახელმწიფოს ცნობით, ამ ჩაშლილ ბიზნესგარიგებაში მან დაახლოებით 85 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

პაპუა ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა კვლავ ერთგული რჩება ღრმა ზღვაში მოპოვების საწარმოებზე მორატორიუმის მიმართ.

მორატორიუმს 2030 წლამდე შეუერთდა ოკეანეთის სხვა რამდენიმე ქვეყანაც. მაგრამ არა იაპონია.

ეს ქვეყანა ღრმა ზღვის მაღაროების კვლევებს აგრძელებს პოლიტიკური და გარემოსდაცვითი საფრთხეების მიუხედავად.

ამ ახალ კვლევამდეც მიიჩნეოდა, რომ ჰიგაში-აოგაშიმას ჰიდროთერმული ველი ზღვის ფსკერის სულფიდებში ოქროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია იყო მთელ მსოფლიოში.

ახალი ანალიზები კი მიუთითებს, რომ ამ ველებზე იმაზე მეტი ოქროა, ვიდრე მიიჩნეოდა.

ახლა მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო ღირებულია — ოკეანის სიმდიდრე თუ ოკეანის სიცოცხლე.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი