ზღვაში დამხრჩვალი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები შტორმის გამო, შეჩერებულია
ზღვაში დამხრჩვალი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები შტორმის გამო, შეჩერებულია

ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები უამინდობისა და შტორმის გამო შეჩერებულია.

„ზღვაზე კვლავაც შტორმია, შესაბამისად, ამ პირობებში ძებნა არ ხერხდება. იმისათვის, რომ მაშველები სკუტერებით გადაადგილდნენ ზღვის სიღრმეში და მოახდინონ სამძებრო ღონისძიებები, შტორმი უნდა ჩადგეს.

შტორმი რომ ჩადგება, სამძებრო ღონისძიებები სწორედ მაშინ განახლდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში საბანაოდ შევიდა და დაიხრჩო. მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ქალის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.