ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ დამკვირვებელი დააკავეს
ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ დამკვირვებელი დააკავეს

ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ დამკვირვებელი დააკავეს. შემთხვევა სოფელ პირველი სვირის 26-ე უბანზე მოხდა.

მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას თქმით, მათი პარტიის წევრი იმ დროს დააკავეს, როდესაც სიაში აღმოჩენილი „მკვდარი სულის“ გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

სპარტაკ კაპანაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ის პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამოა გადაყვანილი.

26-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე იზა ღიბრაძის თქმით, მან სპარტაკ კაპანაძეს გოგი წულაიას მხარდამჭერი მაისურის გამო შენიშვნა მისცა და კანონდარღვევაზე მიუთითა, რის შემდეგაც, მან ყვირილი დაიწყო და აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა. ამის გამო კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.

ღიბრაძის თქმით, კოორდინატორმა მათაც წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

„მაისური ეცვა ჩემი წარწერით და ვაღიარებ, რომ არღვევდა კანონს, მაგრამ იმ ფონზე, რასაც თავად ჩადიან, ეს საბავშვო თამაშია. კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა „მკვდარი სულები“ სიაში, მიუთითა თავმჯდომარეს, აქ დაიწყო კონფლიქტი, გამოიძახეს პატრული, ვითომ შვარცნეგერი იყო და ვერ გააკავებდნენ. სპეცოპერაცია ჩაატარეს სოფლის დასანახად და დასაშინებლად. კანონის დარღვევა ხდება ამ წუთას, როდესაც ზესტაფონში ტარდება არჩევნები და მოსამართლეები მობილიზებული უნდა იყვნენ, რომ სწრაფად გადაწყდეს საკითხი, მეუბნებიან, რომ ერთ საათში ჩანიშნავენ პროცესს“, – განაცხადა გოგი წულაიამ.