ზესტაფონში თანამედროვე საწარმო „ჯორჯიან მეტალი“ შენდება
ზესტაფონში თანამედროვე საწარმო „ჯორჯიან მეტალი“ შენდება

ზესტაფონში, სოფელ არგვეთას ტერიტორიაზე, თანამედროვე საწარმო „ჯორჯიან მეტალი“ შენდება.

როგორც „ჯორჯიან მეტალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, საწარმო ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში, რომელიც რკინის მადნიდან, მაღალი ხარისხის პროდუქტის, არმატურის წარმოებას დაიწყებს.ახალი საწარმო, სამშენებლო ინდუსტრიისთვის 600 ათას ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლის რეალიზაციას, საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში განახორციელებს.

მათვე განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობაზე 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამოქმედების შემდეგ კი საწარმოში დაახლოებით 550 ადამიანი დასაქმდება.

მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

„იმედი მაქვს, ახალი საწარმო, რომელიც ზესტაფონში შენდება, ძალიან მალე დაიმკვიდრებს ადგილს ქართულ ეკონომიკაში და „ჯორჯიან მეტალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია იქნება ერთგვარი ბრენდი, სამშენებლო ინდუსტრიისთვის. ამასთან ერთად, ჩვენ გვეყოლება 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

ახალი ქარხნის მშენებლობის დასრულება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება.