ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ხ.ს. აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. იგი, ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ – ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) ერთად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

სამართალდამცველების მიერ, ხ.ს. მიმდინარე წლის 18 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა. ხ.ს.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მას სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.