ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზესტაფონში მერიის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზესტაფონი მერის, კახაბერ მახათაძის გადადგომას მოითხოვენ და ამისთვის მას ორ კვირიან ვადას აძლევენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, მახათაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის შვიდი საქმეა აღძრული.

„ერთ-ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული, ასევე, ტენდერების საკითხი. მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნესინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება, იყოს ამ ქალაქის მერი“, – განაცხადა  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

ამასთან, გოგლიჩიძის განცხადებით, მერმა არ შეასრულა ადგილობრივი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანამშრომლების სამსახურში აღდგენის თაობაზე. მისი თქმით, თუ კახა მახათაძე თანამდებობას არ დატოვებს, 200-მდე მხარდამჭერთან ერთად, მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.

აქციის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავენ და შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე კი, აქციის მონაწილეებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები სექტემბერშიც გაიმართა. მაშინ მჯდომარე აქციის შემდეგ, მონაწილეებმა მერის მისაღებიც დაიკავეს.

 

დატოვე კომენტარი