ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა
ზესტაფონის მერმა თანამდებობა დატოვა

​ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. მერის მოვალეობას მისი მოადგილე ნუგზარ ფერაძე შეასრულებს.

მერთან ერთად თანამდებობას ტოვებს მერიის რამდენიმე თანამშრომელიც. მათ შორის, სამსახურიდან მიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძე. დუგლაძე აცხადებს, რომ ის მახათაძის გუნდის წევრია და თანამდებობაზე დარჩენას არ აპირებს. რაც შეეხება მერის წასვლის მიზეზს, დუგლაძე განმარტავს, რომ მახათაძის ადგილი „ქართული ოცნების“ გუნდში არ აღმოჩნდა.

კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვეა, აქციები იმართება. აღნიშნული მოთხოვნით მოშიმშილეთა აქცია მერის სამუშაო ოთახის კართანაც გაიმართა. მახათაძის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას პირადი კეთილდღეობისათვის იყენებდა და ბიუჯეტის ფულით კომფორტს იქმნიდა.