ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულმა პირებმა „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერს-მინისტრს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვენ.

მათი განცხადებით, ისინი „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან კოალიციის მხარდამჭერები არიან და აღნიშნავენ, რომ გათავისუფლების შემდეგ მერს მიზეზების ახსნა მოსთხოვეს. კახაბერ მახათაძემ კი განუცხადა, რომ ისინი მისი მხარდამჭერები არ არიან.

აქციის მონაწილეებმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართეს. ამ დროისათვის, სასამართლოში 22 საქმეა შესული. ოთხი საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და მერიას გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენა დაავალა. მერიამ სამი მათგანი აღადგინა, ერთს კი სამსახურში დაბრუნებაზე უარი უთხრა.

ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული 29 პირის ინტერესებს ადვოკატი კახაბერ შავგულიძე იცავს. გათავისუფლებულთა მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს უფლებადამცველიც.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ზესტაფონის მერი გამოეხმაურა და ბრალდებებს სიცრუე უწოდა.

„შტატების შემცირება მოხდა კანონისა და რეორგანიზაციის ფარგლებში. ნაწილთან კი ამოიწურა ხელშეკრულება“, – განუცხადა პირველ არხს ზესტაფონის მერმა.