„ზესტაფონის“ ფან-კლუბის პრეზიდენტი - მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელ დივიზიონში იასპარეზებს ჩვენი კლუბი
„ზესტაფონის“ ფან-კლუბის პრეზიდენტი - მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელ დივიზიონში იასპარეზებს ჩვენი კლუბი

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საკითხი 27 დეკემბერს უნდა განხილულიყო.

თუმცა, სხდომაზე „ზესტაფონის“ მეპატრონე ილია კოკაია არ გამოცხადდა, საკითხზე კი ამის გამო აღარ იმსჯელეს.

მომხდარის გამო, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტმა, კოტე ბოჭორიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ლევან კობიაშვილს ღია წერილი გაუგზავნა.

“ჩვენთვის მისასალმებელი იყო ის გარემოება, რომ ორივე მხარე მზაობას გამოთქვამდა საიმისოდ, რომ მომხდარიყო საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ხელახალი ინტეგრაცია ეროვნულ ჩემპიონატში, რაც დადასტურებულ იქნა როგორც ფედერაციის მიერ გამოგზავნილი წერილით, ასევე კლუბის მიერ ლიცენზირების პროცესის წარმატებული გავლითა და მისივე მხრიდან წარდგენილი ფინანსური და სხვა გარანტიებით. ამის ფონზე ჩვენში დიდი გაკვირვება გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის უკანასკნელ სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა. ჩვენი მიზანი სულაც არაა შექმნილ ვითარებაში მტყუან-მართლის გარკვევა: თუ რატომ არ გამოცხადდა აღმასკომზე კლუბის მფლობელი ილია კოკაია და რატომ არ დაასწრეს სხდომას ფედერაციაში მისული მისი წარმომადგენელი, არის თუ არა მიღებული პრაქტიკა თანხმობისა და გარანტიის წარმომდგენი კლუბის მფლობელთა აღმასკომის სხდომებზე დასწრება და საერთოდ მეათეხარისხოვანია ის, ესწრებიან ხოლმე თუ არა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მმართველი ორგანოს სხდომებს რომან აბრამოვიჩი და მისი კოლეგა არაბი შეიხები ან თუნდაც რომელიმე სხვა ქვეყანაში ებრაელი ან ჩინელი ინვესტორები. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ზესტაფონის“ გულშემატკივრები მოვითხოვთ: უმოკლეს ვადებში გაიმართოს საქარველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა და მიღებულ იქნას კონკრეტული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ დივიზიონში იასპარეზებს 2018 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“. გულშემატკივართა კლუბი ჩვენს თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, კლუბის მფლობელთან და ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიყოთ კლუბისა და გუნდის შეუფერხებლად ფუნქციონირების გარანტი”, – წერია საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გულშემატკივართა კლუბის პრეზიდენტის, კოტე ბოჭორიშვილის მიმართვაში.