ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე სამუშაოებს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაეცნო
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე სამუშაოებს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაეცნო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პირველ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილმა დაათვალიერა. ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, ელექტროგადამცემი ხაზების გადატანა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის დამცავი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტავს, რომ ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, შესაძლებელია ჩრდილოეთიდან გვერდის ავლა ხაშურის, სურამისა, ჩუმათელეთისთვის. მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და რამდენიმე გვირაბსა და ხიდს მოიცავს.

აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის უკვე აშენებული ხუთი კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა ექსპლუატაციაში.

პროექტის ფარგლებში აშენდება: ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, ხუთი გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.