ზემო იმერეთი-რაჭის და ბაღდათი-აბასთუმნის გზების მშენებლობაზე ზედამხედველობას კომპანია IGH განახორციელებს
ზემო იმერეთი-რაჭის და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მშენებლობაზე ზედამხედველობას საინჟინრო-საზედამხედველო კომპანია IGH რეგიონული ოფისების მეშვეობით განახორციელებს.
IGH-მა რეგიონთაშორისო საავტომობილო გზების მშენებლობის ხარისხის გაკონტროლების მიზნით, სამი რეგიონული ოფისი გახსნა – აბასთუმანში, ბაღდათსა და საჩხერეში. უახლოეს მომავალში კიდევ სამის გახსნა იგეგმება.
კომპანიის ინფორმაციით, აბასთუმნის, ბაღდათის და საჩხერის რეგიონული ოფისები ქართველი, მაღალკვალიფიციური ინჟინრებით დაკომპლექტდა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ ზედამხედველობას და დააკვირდებიან სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, ასევე, სამუშაოების პროექტთან თანხვედრას.
ზემო იმერეთი-რაჭის და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებს კომპანია IGH აპროექტებს. მშენებლობის ეფექტიანად წარმართვისა და ერთდოულად დაწყების მიზნით, მარშრუტები რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის გარკვეული მონაკვეთების პროექტირება უკვე დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება, ნაწილის პროექტირება კი, გრძელდება.
„Institute IGH“-მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. ამასთან, „Institute IGH“-ის საქართველოს ფილიალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტირებას ახორციელებს