ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ზაზა ვაშაყმაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის უნგრეთში ვიზიტი დაიწყო. სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ეკლესიისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანს, მიკლოშ შოლტისს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარემ მიკლოშ შოლტისს გააცნო საქართველოს რელიგიური შემადგენლობა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და ხაზი გაუსვა საქართველო-უნგრეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოში რელიგიების ფინანსური დახმარების, მათ შორის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისა და საკულტო ნაგებობების დაბრუნების შესახებ. ამასთან, აღნიშნა სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს როლი და რელიგიურ ლიდერებს შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა.

რელიგიის საკითხთა სააგენტოს ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ ასევე დააყენა საკითხი ქართული დიასპორისა და მრევლისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შენობა-ნაგებობის გადაცემის თაობაზე.

„მასპინძლების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებმა და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მხრიდან ეთნიკურმა და რელიგიურმა დისკრიმინაციამ“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინფორმაციაში.

ზაზა ვაშაყმაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი საქართველოში დაპატიჟა.

შეხვედრის დასასრულს რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ მიკლოშ შოლტისს გადასცა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები – „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“.

როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოში აღნიშნავენ, მხარეებმა გამოხატეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთსა და მონტენეგროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი, ელჩის პირველი მდივანი თამარ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და რელიგიის სააგენტოს იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.