ზაზა ვაშაყმაძე - მთავრობის დადგენილებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი უფლებამოსილებები, რასაც რელიგიის საკითხთა სააგენტო შექმნის დღიდან წარმატებით ახორციელებს, ვისაც უნდა, შედეგებს დაინახავს
ზაზა ვაშაყმაძე - მთავრობის დადგენილებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი უფლებამოსილებები, რასაც რელიგიის საკითხთა სააგენტო შექმნის დღიდან წარმატებით ახორციელებს, ვისაც უნდა, შედეგებს დაინახავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, არასწორი პოზიცია უჭირავს ზოგიერთ იმ ორგანიზაციას, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააგენტო უნდა გაუქმდეს.

ვაშაყმაძის თქმით, მათი შეხედულება რომ მცდარია, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ გაუქმებასთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანიზაციების პოზიცია ჯერ კიდევ სააგენტოს შექმნის დღიდან იყო ცნობილი.

ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, მსგავსი სტრუქტურები ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ყველა წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს.

ზაზა ვაშაყმაძე „იემსისა“ და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების დღევანდელ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. დღიდან შექმნისა თქვენ მიერ დასახელებული პიროვნებები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იძახის, რომ რელიგიის სააგენტო უნდა გაუქმდეს. ისინი რომ არასწორ პოზიციაზე დგანან, მათი პოზიცია რომ მცდარია, მტკიცდება იქიდან, რომ მათი ეს პოზიცია ჯერ კიდევ შექმნის დღიდან იყო ცნობილი. ფორმულირება იყო ისეთი, თითქოს ეს საბჭოთა გადმონაშთია. ჩვენი მსგავსი სტრუქტურები ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ყველა წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ბევრი სახელმწიფოს ჩამოთვლა შეიძლება, სადაც ჩემი კოლეგა არსებობს. მე რიტორიკულ კითხვას ვსვამ და პირველ რიგში ამ კითხვას მათ ვუსვამ – ეს ქვეყნებიც საბჭოური გადმონაშთური ელემენტებით საზრდოობენ და იქაური პრინციპებით ხელმძღვანელობენ? ეს ხომ აბსურდია.

ჯერ არ შექმნილზე ლაპარაკობდნენ, იგივე პოზიციას და იგივე ნარატივს აფიქსირებენ დღესაც. თუ კარგად ჩაიხედავენ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს, იქ მკაფიოდაა ჩამოთვლილი ის პრინციპები და უფლებამოსილებები, რასაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნის დღიდან დღემდე აკეთებს“, – განაცხადა ვაშაყმაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ბევრ საქმეს აკეთებს და ვისაც შედეგის დანახვა სურს, ის მას დაინახავს კიდეც.

„სხვათაშორის, ძალიან ბევრს აკეთებს. ვისაც უნდა, ამ შედეგებს დაინახავს, ვისაც არ უნდა – ვერ დაინახავს. შედეგები სახეზეა. ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიცია არ ნიშნავს, რომ ყველას აზრია. რელიგიის სააგენტოსთან არსებობს ინტერრელიგიური სათათბირო, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში არის დომინანტი და უმცირესი რელიგიები. მომიყვანოს ოპონენტმა მაგალითი, საქართველოში თუ კი როდესმე ყოფილა მსგავსი სახის ფორმატი. მათ აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია. აქამდე რელიგიური ორგანიზაციები და ლიდერები ერთმანეთს არ იცნობდნენ და მათ შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობდა. შესაბამისად გაუცხოება იყო. ამ 5-6 წლის განმავლობაში სააგენტომ შეძლო და ისეთი კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომ გარკვეული პროგრესი არსებობს, რაც ხელს უწყობს ტოლერანტობას, ურთიერთცნობადობას და შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას.

პირდაპარი დიალოგი დაიწყო რელიგიასა და სახელმწიფოს შორის, ყოველგვარი მესამე სუბიექტის ჩარევის გარეშე. კონკრეტული რეფორმები დაემატა, რასაც საქართველოში მართლმადიდებლური კონფესიის გარდა, არსებულ 4 კონფესიაზე ფინანსური დახმარება ჰქვია. არ არის გამორიცხული, სახელმწიფო ფიქრობს, რომ ამ 4 კონფესიას სხვა – ერთი, ორი ან რამდენიმე დაემატოს. დაიწყო საკულტო ნაგებობების გადაცემის პროცესი, როგორც მუსლიმ თემთან მიმართებაში, ასევე ებრაელების და სხვა რელიგიურ მიმდინარეობასთან ერთად“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, არსებობს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თავის ვალდებულებები გააჩნია.

„შეეკითხეთ მუსლიმ, ებრაულ თემს და კათოლიკურ ეკლესიას, ბაპტისტებს, რის კონტროლზეა საუბარი, რა სისულელელა. სისულელეზე პასუხი როგორ გავცე? რას ჰქვია გაუქმდეს, ვეღაცას მოუნდა, გაუქმდეს, მასე არ არის. სახელმწიფოს აქვს მკაფიო ხედვა და მიდგომა. არსებობს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა, ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სააგენტოს თავის ვალდებულებები გააჩნია, რასაც სააგენტო წარმატებით აკეთებს. ეს ბევრ საერთაშორისო ურთიერთობებშია ასახული. წინა და ბოლო წლების ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს გადახედეთ, როგორი განსხვავებაა დადებითისკენ. შეხედეთ საერთაშირისო რელიგიის თავისუფლების რუკებს, სადაც ასახულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა. საქართველოს დადებითი პოზიცია აქვს. მსოფლიოში შეიქმნა რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსი, დღიდან შექმნისა, საქართველო ამ ალიანსის დამფუძნებელია. საქართველოში რომ რელიგიის თავისუფლება პრობლემატური იყოს, ვინმე მიგვიღებდა იქ ან დამფუძნებელი ქვეყანა ვიქნებიდით?“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.