ზაზა შათირიშვილი - ვიღაცებს „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე სურთ, რაც დაახლოებით იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე
ზაზა შათირიშვილი - ვიღაცებს „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე სურთ, რაც დაახლოებით იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე

ვიღაცებს „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე სურთ, რაც დაახლოებით იცით, რა არის – ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, – განაცხადა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

„იმას, რაც დღეს ხდება, გარედან, უცხოპლანეტელის თვალებით რომ შევხედოთ, ამას დავინახავთ. ასეთი ანალოგიისთვის ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მიშას ქარიზმული ფიგურის გარეშე, ეს შეუძლებელია. მთელი ამბავი ისაა, რომ ამ ორი განსხვავებული სხეულის, თავისა და ტანის შეერთება მხოლოდ მას შეეძლო, ნაცმოძრაობის ელიტისა და ნაცმოძრაობის სხეულის. როგორც კი მიშას აპოკალიპტური მოლოდინი განქარდა, ყველაფერი სრულიად ბუნებრივად, ორ ნაწილად დაიშალა, რადგან ასეთმა ლიდერმა აპოკალიპტური მოლოდინი „მრისხანების დღე“ უნდა შექმნას, ხოლო თუ ასეთი ქარიზმული ლიდერი სცენიდან გადის, მის თანდასწრებას ადგილი არ აქვს და ასეთი მოლოდინი არ არის, რომ ის მოვა, მაშინ ეს ყველაფერი იშლება“, – განაცხადა შათირიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ სიმპტომია და ამ ე.წ დაშლის რეციდივი სწორედ იმიტომ არის, რომ თავის დროზე, გარკვეული ტიპის მოვლენებს სახელები არ დაერქვა.

ამ განცხადებით ზაზა შათირიშვილმა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეიძლება შეფასდეს პროცესი, როცა მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურ ჩართვებსა და ამ ჩართვებისგან დარჩენილ რეპლიკებს ყოფილი თანაგუნდელები ყოველდღიურ რეჟიმში ემიჯნებიან.

როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ნება მხოლოდ რევანში არ არის, ისევე, როგორც ბოლშევიკებისთვის არ ყოფილა, როცა თავიანთ რევოლუციას ახორციელებდნენ.

„როცა ბოლშევიკები რევოლუციას ახორციელებდნენ, ეს იმდენად რევანშიზმი არ იყო, რამდენადაც ახალი სამყაროს, ახალი ბაბილონის გოდოლის აშენების სურვილი. ეს ექსპერიმენტი ჩავარდა, მაგრამ ბოლშევიკური რევოლუცია ხომ პირველი არ ყოფილა?! თვითონ რევოლუციური ტიპის აზროვნება როდის გაჩნდა?! მეორე-მესამე საუკუნეებში უკვე არსებობდა აზრი – ღმერთმა სამყარო რომ შექმნა, ის არასრულყოფილია და მე ის უნდა შევცვალო. ეს იდეა ჯერ კიდევ გნოსტიკოსებს ჰქონდათ და ის არც არსად წასულა“, – განაცხადა შათირიშვილმა.

ფილოსოფოსმა ასევე აღნიშნა, რომ აქაურ ლიბერალ „მეგობრებს“ დოსტოევსკი ასე იმიტომ ეზიზღებათ, რომ ის მათ ბუნებას ზუსტად აღწერს.

„გადაიკითხეთ „ეშმაკნი“ და ნახეთ, რას ამბობს შიგალიოვი. ის განათლების რეფორმას ატარებს და პირველი ფრაზა ასეთია – პირველ რიგში, განათლებისა და კულტურის დონე დაბალ დონეზე უნდა დავცეთ. რატომ?! იმიტომ რომ სადაც კულტურა დაცემულია, იქ მანიპულირება ძალიან იოლია“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.