ზაზა შათირიშვილი - თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ ჯერ არ იცის, როგორ განასხვავოს ერთმანეთისგან ადამიანი და ცოდვა, ანუ იდეა და ადამიანი
ზაზა შათირიშვილი - თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ ჯერ არ იცის, როგორ განასხვავოს ერთმანეთისგან ადამიანი და ცოდვა, ანუ იდეა და ადამიანი

რასაც ვხედავთ, არის ის, რომ თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ ჯერ არ იცის, როგორ განასხვავოს ერთმანეთისგან ადამიანი და ცოდვა, ანუ იდეა და ადამიანი, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. აქედან გამომდინარე, არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე პოლიტიკაა. მაგალითად, მაჰათმა განდი და მისი მომხრეები არღვევდნენ კანონს, მაგრამ არაძალადობრივად, რის გამოც, მათ წლების განმავლობაში იჭერდნენ. საბოლოო ჯამში, ინგლისის ხელისუფლება არალეგიტიმური გახდა. ამ დაპირისპირებაში საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ჭეშმარიტების მოწმე ან მოწამეა, რაღაც ფორმები უნდა გამოიმუშაოს. ანუ, ჭეშმარიტების დამცველი და მოწმე მოწამეობისთვის უნდა იყოს მზად. ეს ელემენტარული ქრისტიანული ჭეშმარიტებაა“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

მისი თქმით, კულტურამ დაპირისპირების გარკვეული ფორმები მოგვცა, სადაც ლაპარაკია ღირსებაზე და მაგალითად, შუა საუკუნეებში იყო სარაინდო ტურნირები, შემდეგ დუელის ფორმა და ა.შ. ხოლო, რადგან თანამედროვე საზოგადოებაში ძალადობის ფორმები აკრძალულია, რჩება ერთადერთი ფორმა, რითაც შეიძლება, ჭეშმარიტება დაამტკიცო და ეს არის ის, რასაც ქართულ ენაში მოწმობა და მოწამეობა ჰქვია.

როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, ამის ნათელი მაგალითია ამერიკელი მოსამართლე ქალი ქიმ დეივისი, რომელმაც თავისი ქრისტიანული რწმენიდან გამომდინარე ორი ჰომოსექსუალი არ დაარეგისტრირა და ის დაიჭირეს.

„ის რამდენიმე კვირა ჩასვეს ციხეში და ძალიან ვაჟკაცურად იჯდა. ქომუნითი ძალიან შეშფოთდა, აქედან ახალ მოწამეს ვაკეთებთო და ის გაათავისუფლეს. მე მაინტერესებს, რომელი უფრო სწორი იყო იურიდიული თვალსაზრისით – ქიმ დეივისის დაჭერა თუ მისი გათავისუფლება? ქართულ ენაში არის შესანიშნავი აფორიზმი, ოღონდ სხვა რაღაცისთვის და სიტუაციისთვის განკუთვნილი – „მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო“. აი, ასეთ სიტუაციაში მართლის მთქმელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სულ მცირე, ქიმ დეივისის ხვედრი გაიზიაროს“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სცილდება თუ არა იდენტობის პოლიტიკა საკუთარი რიტორიკის დონეზეც კი ადამიანურ საწყისს, რადგან ის ცალკეული ჯგუფების უფლებებზე ლაპარაკობს და არა ადამიანის უფლებებზე და რატომ ხდება ისე, რომ უფლებების საკითხიც კი ფრაგმენტირებულია და რაღაც ჯგუფი ფრაგმენტირებულია ადამიანისგან, როგორც ღირებულებისგან, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი უფლებები.

„ადამიანი ორ განზომილებაზე არ დაიყვანება. ადამიანი არ დაიყვანება მხოლოდ ისეთ მატერიალურ კონსტანტებზე, როგორიც არის პოლიტიკური ან სოციალური იდენტობები. ადამიანი უფრო მეტია“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.