ზაზა შათირიშვილი - ნებისმიერმა ჯგუფმა, რომელსაც საქართველოში ჭეშმარიტების დაცვის სურვილი უჩნდება, პირველ რიგში, ადამიანი უნდა დაინახოს
ზაზა შათირიშვილი - ნებისმიერმა ჯგუფმა, რომელსაც საქართველოში ჭეშმარიტების დაცვის სურვილი უჩნდება, პირველ რიგში, ადამიანი უნდა დაინახოს

ნებისმიერმა ჯგუფმა, რომელსაც საქართველოში ჭეშმარიტების დაცვის სურვილი უჩნდება, პირველ რიგში, ადამიანი უნდა დაინახოს, – განაცხადა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მერე უნდა დაინახოს ადამიანის უფლებების კონტექსტი და ისიც, რომ ადამიანი მხოლოდ მისი პოლიტიკური იმპლიკაციები არ არის. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი არის შექმნილი, როგორც ღვთის ხატი და სახება მამაკაცად და დედაკაცად – ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა შექმნა სიცოცხლე და ადამიანი სწორედ ის არის, ვინც სიცოცხლეს აწარმოებს, როგორც ბიოლოგიურად, ისე მეტაფიზიკურად“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ლიბერალური სამოქალაქო ელიტების მიერ კონსერვატიული ან ანტილიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებამ და ასეთი ტიპის შეთქმულების თეორიების არსებობამ სოციალურ და კულტურულ პროცესებზე, ადამიანის აზროვნების მოდელებზე და ადამიანთა ქცევებზე, ზაზა შათირიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გარკვეული ტიპის ტრადიცია ბოლო ოცდაათი-ორმოცი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, როცა გარკვეული თემების ტაბუირება და იარლიყების მიწებება ხდება.

„აი, მერაბ მამარდაშვილი სუკ-ის აგენტი იყო და ვიღაც პუტინის აგენტია. მე ეს ყველაფერი გავიარე და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ყველა ამ იდეოლოგიას რაღაც გარკვეული საერთო აქვს, როგორც ბოლშევიზმს და კომუნიზმს ჰქონდა, რომ ლინგვისტურად არ უნდა გაცხრილო და რაღაც სხვა სიტყვას თუ იხმარ, რაღაც სხვა ხდება. მაგალითად, ეს რაღაც სიტყვას ხმარობს და ეს ყველაფერი რამდენად ევროპულია, ხომ? ეს ყველაფერი ძალიან არაევროპულია. თუ რამე არის საბჭოთა გადმონაშთი, ეს არიან ჩვენი ლიბერალები და მათი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ. დასავლეთის მიმართ მათი ეს მონური დამოკიდებულება ძალიან არაევროპულია და უბრალოდ, სამარცხვინოა. მათ შინაგანი თავისუფლება არ აქვთ“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

მისი თქმით, ამ დაპირისპირებაში ღირებულებებს და ჩვენს რწმენას უნდა დავეყრდნოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი რწმენა ლოგოსის რწმენაა, ანუ სიტყვის, რაციონალიზმის რწმენა.

„ქრისტიანობა არის რაციონალიზმის რელიგია, წარმართობა და გნოსტიციზმი კი ირაციონალური რელიგიები. მარქსიზმი, ნიცშეანელობა და გენდერული თეორიები სინამდვილეში, ირაციონალური რელიგიებია, როდესაც ადამიანის ნება ღვთაებრივ ჭეშმარიტებებს ანაცვლებს“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა დასავლური რეალობიდან იმიტირებით ერთი ჯგუფი ამბობს, რომ საკუთარი თავი გარკვეული ფორმით უნდა გამოხატოს, მეორე ჯგუფი კი აცხადებს, რომ ყველანაირ, მათ შორის, ფიზიკურ ძალასაც გამოიყენებს, რათა ეს არ დაუშვას, ზაზა შათირიშვილმა აღნიშნა, რომ არის გარკვეული სიტუაციები, როდესაც ებრაულ სიბრძნეს უნდა მივმართოთ.

„როცა ისრაელის ისტორიაში დროდადრო აჯანყებებისა და ასეთი რაღაცების ცდუნება ჩნდება, დამანიელი რაბინი და ბრძენი ამბობს, თავი დავანებოთო. გახსოვთ, ამას წინათ, ერთი აჯანყება იყო, იუდა მაკაბელი მოვიდა, ათასი კაცი გაჰყვა, თავიც დაიღუპა და ის ხალხიც დაღუპაო; თუ ეს ადამიანურია, ისევ დაიღუპებიან და თუ ღვთაებრივია, მოდი, ღმერთს მაინც ნუ ვაწყენინებთო. აბსოლუტურად ებრაული საკითხია, მაგრამ არის გარკვეული სიტუაციები, როდესაც ებრაულ სიბრძნეს უნდა მივმართოთ“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.