ზაზა შათირიშვილი - ევროპარლამენტის გარშემო განვითარებულ კორუფციულ სკანდალებს ურსულა ფონ დერ ლაიენის ქეისიც დაემატა
ზაზა შათირიშვილი - ევროპარლამენტის გარშემო განვითარებულ კორუფციულ სკანდალებს ურსულა ფონ დერ ლაიენის ქეისიც დაემატა

ევროპარლამენტის გარშემო განვითარებულ კორუფციულ სკანდალებს ურსულა ფონ დერ ლაიენის ქეისიც დაემატა. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ „ფაიზერისგან“ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიან კორუფციულ სკანდალს, რომელშიც უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტი ფიგურირებს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

შათირიშვილის თქმით, ვაქცინების შესყიდვას წინ უსწრებდა სატელეფონო მიმოწერა ევროკომისიის პრეზიდენტსა და „ფაიზერის“ დირექტორს შორის, რომლის გასაჯაროებაზეც ევროკომისიამ უარი თქვა კომიკური საბაბით, რომ შესაბამის მესიჯებს „ვეღარ პოულობდნენ“.

„ევროპარლამენტარებმა ფონ დერ ლაიენს საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოცხადება და საჯარო სხდომაზე მესიჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა, ფონ დერ ლაიენი კომისიისთვის ჩვენების საჯაროდ მიცემას ჯიუტად არ თანხმდება. აშკარაა, რომ მას თავისი ძლიერი ლობის იმედი აქვს. ადრე დავწერე, რომ ამერიკასაც და ევროპასაც ოლიგარქიული ოჯახები მართავენ. ეს ოჯახები საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების რეალიზებისათვის ძირითადად რამდენიმე მსხვილ კომპანიას – „ბლექროკს“, „ვანგარდს“, „სტეიტ სტრიტს“ და „ფიდელიტის“ იყენებენ.

საინტერესო დეტალია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს ფარმაცევტულ ბიზნესთან მჭიდრო ოჯახური კავშირი აქვს. ის 2019 წლის დეკემბერში გახდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ხოლო ზუსტად ერთ წელიწადში მისმა მეუღლემ ნახტომისებური დაწინაურება მიიღო. ჰანოვერის პატარა საუნივერსიტეტო კლინიკური კვლევითი ცენტრის დირექტორი მყისიერად ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის – „ორჯენეზისის“ დირექტორი გახდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ „ორჯენეზისის“ უმსხვილესი მეწილეები სწორედ ზემოაღნიშნული კომპანიები არიან.

გაგიკვირდებათ და „ფაიზერის“ უმსხვილესი მეწილეებიც „ბლექროკი“, „ვანგარდი“ და „სტეიტ სტრიტი“ გახლავთ. ანუ სქემა მარტივად იშიფრება: ევროკავშირი, თავისი ევროკომისიითა და მისი პრეზიდენტით, ამერიკულ ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ კოლონიზებული და ევროპაში პოლიტიკასაც, ეკონომიკასაც და კორუფციასაც სწორედ ისინი მართავენ.

სხვათა შორის, „ბლექროკი“ ის კომპანიაა, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილ აქტივებს ფლობს და, შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომიდან ყველაზე დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს. ამავე „ბლექროკმა“ გააფორმა მემორანდუმი ვლადიმირ ზელენსკისთან, რომლის თანახმად, უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებულ ფინანსებს სწორედ „ბლექროკი“ გაუწევს მენეჯმენტს. ანუ ოლიგარქიული ოჯახები ნგრევაშიც და დანგრეულის აღდგენაშიც ექსკლუზიურად შოულობენ ფულს. სრული კოლონიზაციის ფონზე, ევროკავშირს წინ მძიმე ეკონომიკური პროცესები ელოდება. ჩანს, რომ ოლიგარქიული ოჯახები ევროპის ფუნდამენტური ეკონომიკური დასუსტების მიზანს იოლად მიაღწევენ“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, 2008 და 2014 წლების რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომებით და, განსაკუთრებით, უკრაინაში დღეს მიმდინარე ომით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროკავშირს უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა მიაყენეს.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნე, 2002-2008 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 7,4 ტრილიონიდან 16,3 ტრილიონამდე გაიზარდა. 2022 წლის მონაცემებით კი, მისი ეკონომიკა მხოლოდ 16,6 ტრილიონია, ანუ ევროკავშირმა ამ 14 წელიწადში ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა, როდესაც იმავე 2008-22 წლებში ამერიკის ეკონომიკა 14,8 ტრილიონიდან 25,5 ტრილიონამდე გაიზარდა. 2023 წლის პროგნოზითაც, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ერთი პროცენტიც არ იქნება და მომდევნო წლებშიც მსგავსი ნეგატიური ტენდენციის შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

ქართველებს ევროკავშირი არსებითად სამი ფაქტორის გამო მოგვწონდა. ესაა – ქრისტიანული ტრადიციები, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და განვითარებული ეკონომიკა. დღეს კი ვხედავთ, რომ ევროკავშირი სამივე ასპექტში ეგზისტენციური პრობლემების წინაშე დგას:

– ოლიგარქიული ოჯახების მიერ მართული ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად ებრძვიან ქრისტიანულ ფასეულობებს, ეკლესიებს, სამეფო ოჯახებს, ყველაფერს, რაზეც საუკუნეების მანძილზე მყარად იდგა ევროპული ცივილიზაცია და ცდილობენ, შექმნან მორალისგან დაცლილი, სტერილური საზოგადოებები, როგორიც ოლდოს ჰაქსლის „საოცარ ახალ სამყაროსა“ და ჯორჯ ორუელის „1984-ში“ არის აღწერილი;

– დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროკავშირში განსაკუთრებულ კრიზისს განიცდის: ამერიკელი ოლიგარქების მიერ არის მიტაცებული ევროკავშირის სუვერენიტეტი, ევროპარლამენტი და აღმასრულებელი სტრუქტურები. სადაც ოჯახების ინტერესები ჩნდება, სრულიად დაუცველია საკუთრების უფლება. მოქმედებს მედიის ტოტალური ცენზურა და ხელყოფილია სიტყვის თავისუფლება, რაც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის ძარცვის საქმეში ძალიან კარგად გამოჩნდა.

– ევროკავშირის ქვეყნებს დღევანდელი ეკონომიკური განვითარების დონის მიღწევის საშუალება 60-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მისცა. თუმცა, როგორც კი ევროპას მშვიდობა ხელოვნურად დაურღვიეს, ევროკავშირის ეკონომიკა ერთ ადგილზე გაიყინა, მომდევნო წლებში კი მისი უკუსვლაც არის მოსალოდნელი. ამასობაში, ევროპელებს რუსულ გაზსა და ნავთობზე ბევრად უფრო ძვირად უწევთ ამერიკული გაზისა და ნავთობის შეძენა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად, არამედ ევროპული მრეწველობის ამერიკაში შეუქცევად გადატანასაც განაპირობებს. ამ ყველაფრის პარალელურად კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური სხვაობა უახლოეს წლებში შეიძლება სრულადაც კი აღმოიფხვრას.

რომ შევაჯამოთ, ევროკავშირი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია: სუვერენიტეტისგან დაცლილი ევროპარლამენტი და ევროკომისია, კორუფცია ევროსტრუქტურებში, ტოტალურ ცენზურას დაქვემდებარებული ევროპული მედია, ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია, ტოტალური ლგბტ პროპაგანდა, მასობრივი მიგრაცია და ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობის მოშლა, ეკონომიკური სტაგნაცია – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სწორედ ასეთი ევროკავშირის საპირწონედ გვთავაზობენ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას, სასამართლო სისტემის გადაცემას, „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით აგენტოკრატიის დაბრუნებას, რაც, უპირობოდ, საქართველოში ავტორიტარიზმის აღდგენას, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ბიზნესის ძარცვას, საყოველთაო რეპრესიებს, სამშობლოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას, ქვეყნის ცივილიზებულობის ერთადერთ საზომად გეიაღლუმის გამოცხადებას და, რაც მთავარია, მშვიდობის დარღვევას გულისხმობს. იმ ყველაფრის გამეორება, რაც საქართველოს აგენტურის მმართველობამ 2004-12 წლებში უკვე მოუტანა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

რაც მთავარია, აუცილებელია სტერეოტიპებისგან გათავისუფლება იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის თვითმიზანმა ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის თვითგანადგურებამდე არ მიგვიყვანოს“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ ევროპარლამენტის მაღალი რანგის წევრებმა დაბლოკეს კომპანია „ფაიზერთან“ მრავალი მილიარდის ევროს ღირებულების შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პირადი როლის შესახებ საჯარო მოსმენა.