ზაზა შათირიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განადგურებას ხელი არ მოაწერა, შურისძიება და შანტაჟი მის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება
ზაზა შათირიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განადგურებას ხელი არ მოაწერა, შურისძიება და შანტაჟი მის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება

დღეს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება Credit Suisse-ის წინააღმდეგ მიმდინარე დავის შესახებ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდი, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ყოველთვის ამბობდა, რომ Credit Suisse არ იყო იმ თავხედური ყაჩაღობის ინიციატორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდება. მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი იმართებოდა და იმართება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ, რომლებიც Credit Suisse-ის მენეჯმენტს სრულად აკონტროლებენ.

„ისიც ყველას გახსოვთ, როგორ ცენზურას ექვემდებარებოდა ყველა სტატია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამერიკულ და ევროპულ გამოცემებს აწვდიდნენ. ისინი დიდი ენთუზიაზმით ბეჭდავდნენ მასალებს, რომლებიც ბანკის რეპუტაციას აზიანებდა. თუმცა, როგორც კი სტატიები ბანკის მენეჯმენტს შეეხებოდა, ისინი ცენზურის ყრუ კედელს აწყდებოდა. აქედან ჩანს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია დღეს მედიის თავისუფლება ამერიკასა და ევროპაში.

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ერთ დროს შვეიცარიული საბანკო სექტორის ფლაგმანად აღიარებული Credit Suisse მისივე მენეჯმენტის ხელით ჩამოშალეს და ბანკს აქციების ფასი ზუსტად ასჯერ შეუმცირეს. ამაში მათ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმეც წარმატებით გამოიყენეს. თან ბანკს ანადგურებდნენ და თან ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟს ახორციელებდნენ.

უკვე დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილს თავისი კუთვნილი თანხები არა Credit Suisse-ში, არამედ სხვა შვეიცარიულ ბანკში – „იულიუს ბერში“ აქვს განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ Credit Suisse-ს ამ თანხების მიმართ ვერავითარი სუბიექტური ინტერესი ვერ ექნებოდა. თუმცა, ანგარიშს Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია, ტრასტი ემსახურებოდა და თანხების გადმორიცხვას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სწორედ ის ბლოკავდა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც საქმეს Credit Suisse-ის ტრასტიც გამოეთიშა, მაგრამ პრობლემა არ მოიხსნა. ამჯერად თანხების გადმორიცხვას ბლოკავენ ამერიკული და ევროპული ფონდები, რომლებიც ე.წ. ჰეჯფონდის გავლით ბიძინა ივანიშვილის აქტივებზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ.

ამით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ყაჩაღობის ინიციატორი Credit Suisse არასოდეს ყოფილა. თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ Credit Suisse გადარიცხვებს თავისი ფინანსური პრობლემების გამო აფერხებდა, ეს ვერსია საბოლოოდ დაიმსხვრა. როგორც უკვე ითქვა, ყველაფრის სათავეში დგანან ამერიკული სპეცსამსახურები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკაში დაბრუნებასა და საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდნენ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განადგურებას ხელი არ მოაწერა და შურისძიება და შანტაჟი მის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება.

რთული სათქმელია, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ სამართალი იზეიმებს – საქართველოც შეძლებს მშვიდობის ბოლომდე შენარჩუნებას და ბიძინა ივანიშვილიც დაიბრუნებს კუთვნილ თანხებს. ყაჩაღობისა და თავხედობის შეუზღუდავი რესურსი ამერიკულ სპეცსამსახურებსაც კი არა აქვთ და ეს რესურსი რაღაც მომენტში აუცილებლად ამოიწურება“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.