ზაზა შათირიშვილი – ბევრ კულტურასა და ეთნოსში ქრისტიანობას თან შეჰქონდა ცივილიზაცია, წმინდა ნინო როცა შემოვიდა საქართველოში, აქ უკვე არსებობდა ცივილიზაცია, საქართველო არსებობდა ევროპამდე
ჩვენ არა მხოლოდ ქრისტიანობა გადავარჩინეთ საქართველოში, არამედ ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ჩვენ, – განაცხადა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნებოდა.
ზაზა შათირიშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა სიახლე შემოიტანა ქრისტიანობამ საქართველოში, როგორ შეცვალა მსოფლმხედველობა და ზოგადად აზროვნება.
შათირიშვილის თქმით, ბევრი კულტურისგან განსხვავებით, სადაც ქრისტიანობამ ცივილიზაციაც შეიტანა, საქართველო უკვე იყო ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის ნაწილი, როცა ქვეყანაში ქრისტიანობა შემოვიდა.
„ბევრ კულტურასა და ეთნოსში ქრისტიანობამ შეიტანა ცივილიზაციაც და ეს ეხებათ ევროპის ტერიტორიებზე იმ პერიოდში მცხოვრებ ხალხებს, რომლებსაც ცივილიზაცია ამ გაგებით არ ჰქონდათ; რომის იმპერიის მიღმა იყვნენ დავუშვათ, ანგლები, საქსები, გერმანელები. ქრისტიანობა რომ შედიოდა იქ, თან შეჰქონდა ცივილიზაცია. განსხვავებით ამ კულტურებისა და ეთნოსებისგან, როდესაც წმინდა ნინო შემოვიდა საქართველოში, აქ ცივილიზაცია არსებობდა. ეს იყო ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია. შეკითხვა, არის თუ არა საქართველო ევროპა – საქართველო არის ევროპამდე. ევროპა ჯერ არ არსებობდა, როდესაც არსებობდა საქართველო, რომელიც იყო ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის ნაწილი. ევროპულმა კულტურამ საკმაოდ გვიან, მე-9 საუკუნეში გაიაზრა და გადაწყვეტა, რომ ის იწყება ბერძნულ-რომაული ცივილიზაციისაგან. ჩვენ დიდი ხნით ადრე უკვე გვქონდა ცივილიზაციაც, კულტურაც, ქრისტიანული ისტორიოგრაფიაც და ქრისტიანული ლიტერატურაც“, – განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, ქრისტიანობის მთავარი მესიჯი არის, რომ სიკვდილი აღარ არსებობს, რადგან „ქრისტე აღდგა“.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემოიტანა ქრისტიანობამ და, რაც ყველგან დღემდე ყველაზე უფრო აქტუალურია, ქრისტიანობის მთავარი მესიჯი ეს არის, რომ სიკვდილი აღარ არსებობს, ქრისტე აღდგა. ნებისმიერ დროს, ადამიანის მთავარი პრობლემა არის სიკვდილი, რომ ეს არის ბოლო ვადა, მისი ეგზისტენციალური დასასრული და ამაზე არსებობს სხვადასხვა პასუხი. ქრისტიანობაში პასუხი არის, რომ ხუროს შვილი, რომელიც დაიბადა არა სადღაც სასახლეში, არა როგორც ბუდა იბადება, სპილოს ნაბიჯს რომ გადადგამს, არამედ, ის დაიბადა სადღაც ქვეყნის დასალიერში, ბეთლემში, ცად ჩამოვიდა დედამიწაზე და აღმოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანი თურმე, არის თან ღმერთი. პავლე მოციქული ამბობს, თუ ქრისტე არ აღმდგარა, მაშინ ჩვენი იმედი არის აბსოლუტურად ფუჭი. ყველაფერი ეფუძნება ამ მთავარ სახარებას. ხარება, სიხარული, რომ სიკვდილი აღარ არსებობს, „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი“ – ეს არის მთავარი მესიჯი, რომ სიკვდილი აღარ არსებობს“, – განაცხადა შათირიშვილმა.
შეკითხვაზე, რა გეოპოლიტიკურ გამოწვევებს უპასუხა მირიან მეფემ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ წმინდა ნინოს მოტანილი გზავნილი, გრიგოლ ფერაძის და ქეთევანის, ერთიანი საქართველო და ერთიანი კულტურაა.
შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს რეფლექსია და როგორ უნდა მოხდეს დღევანდელ საზოგადოებაში ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის გადააზრება, რათა უკეთ გავიაზროთ, ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით, შათირიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართლის მოქცევაა არ დასრულებულა, ეს არის მუდმივი პროცესი და ის გაგრძელდება მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე“.