ზაზა შათირიშვილი - მე არ გამიჭირდება არავისთან დაპირისპირება, მაქვს ამის პრეცედენტი
ზაზა შათირიშვილი - მე არ გამიჭირდება არავისთან დაპირისპირება, მაქვს ამის პრეცედენტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი სპეციალური კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველებს ხვდება, სადაც ერთ-ერთ კანდიდატ, ზაზა შათირიშვილს კომისიის წევრმა სოსო გალუმაშვილმა ჰკითხა, როგორ გააკონტროლებს ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და მენეჯმენტის საქმიანობას იქიდან გამომდინარე, რომ ვასილ მაღლაფერიძის მეგობარია.

ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძეს დიდი ხანია, იცნობს.

„დიდი ხანია ვიცნობ ვასილ მაღლაფერიძეს. ფილოლოგები ვართ. მამამისის მეგობარიც ვიყავი. ჩემი ლექტორი იყო, არაჩვეულებრივი“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

გარდა ამისა, შათირიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ის ზურაბ ჭიაბერაშვილთანაც მეგობრობდა, თუმცა საათის ცნობილი ისტორიის შემდეგ, მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

„ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი გაზრდილი როგორც სტუდენტი, მეტსაც გეტყვით, ჩემი ერთი შვილი მის მიერ არის მონათლული – ეს ზურაბ ჭიაბერაშვილია. როდესაც ის ქალაქის მერი იყო და საათის ისტორია მოხდა, სახლში არ შემოვუშვი. იმის შემდეგ გაწყდა ჩვენი ურთიერთობა“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

კომისიის წევრის, სალომე უგულავას კითხვა ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოს შეეხებოდა, რომელზეც ვასილ მაღლაფერიძე, მაკო ბიგვავა, ლაშა ნაცვლიშვილი და კახა ბექაური იმყოფებიან. უგულავას თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ზაზა შათირიშვილის გაყვანას. ამასთან, უგულავამ შათირიშვილს მიმართა, რომ მას საჯარო ინტერვიუებში არა ერთხელ გამოუხატავს სიმპატია ბიძინა ივანიშვილის მიმართ და აღნიშნა, როგორ შეძლებს ხელი შეუწყოს არხს, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იყოს.

კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ამის შესახებ გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს ზაზა შათირიშვილი, მან განაცხადა, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

„მგონი, საკითხი არასწორად არის დაყენებული. მე არ დავინტერესებულვარ. ჩემი ამბავი არის ის, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის ამბავი აქ ტყუილად არ ვთქვი, რადგან ამის მერე დაიწყო ძალიან სერიოზული რეპრესიები. მთელი 9 წელი, მე ვიყავი ჩემი ყოფილი მეგობრების წინააღმდეგ. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ლევან რამიშვილი 2000 წლებიდან, ასევე გიგა ბოკერიაც, თუ ეს მოვახერხე, რომ მათ დავუპირისპირდი, ვასილ მაღლაფერიძე მე მგონი, არ იქნება პრობლემა. მე არ გამიჭირდება არავისთან დაპირისპირება. ბიძინა ივანიშვილი ჩემი მეგობარია. ეს არის შეკითხვა ადამიანის ნებელობასთან დაკავშირებით. შეუძლია თუ არა ადამიანს დაუპირისპირდეს მეგობრებს, მე ეს პრეცედენტი მაქვს. ასე რომ, თუ მოხდება მსგავსი რამ, ანუ თუ გირგვლიანს მოკლავენ ისევ, მე ისევ დავუპირისპირდები“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

კანდიდატებთან გასაუბრება დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება. დღეს გასაუბრება 14 კანდიდატთან, მალხაზ ასლანიშვილთან, ნინია კაკაბაძესთან, დონარა შონავასთან, ზაზა შათირიშვილთან, იზაბელა ოსიპოვასთან, ხატია ყურაშვილთან, ზვიად დევდარიანთან, ბედო ლილუაშვილთან, ნათია სირაბიძესთან, ვლადიმერ ბოჟაძესთან, ია მამალაძესთან, ნათია კობერიძესთან, ბაია პატარაიასთან და დავით კორახაშვილთან გაიმართება.

სამეურვეო საბჭოში ახალი კანდიდატების შერჩევის აუცილებლობა, რამდენიმე წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამ განაპირობა.