ზაზა სარალიძემ პარლამენტთან აქციაზე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, აქციის გაიგივება პოლიტიკურ პარტიებთან არის მიუღებელი.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის წინ შეკრებილებს და აღნიშნა, რომ პლაკატები, “არა პარტიულობას”,  რომლებიც დღეს აქციაზე აქვთ მიტანილი, მისი შვილის შეურაცხყოფაა.

„მინდა იცოდეთ, აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის. ნუ მისცემთ ნურავის იმის საშუალებას, თქვან, თითქოს ჩემი შვილის სული გავყიდე. ჩვენ რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ ვუყურებ როგორც საქართველოს მოქალაქეს და ჩემნაირი ადამიანს. ნუ გააიგივებთ ჩვენ მოკლულ შვილებს, შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. მიმძიმს ასეთ განაცხადის გაკეთება, მაგრამ სისტემამ და სისტემის დამცველებმა დღეს იძულებული გამხადეს. მათ ყველა შვილმოკლულ ოჯახს კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხს სულში. სისტემა უნდა დაინგრეს. სისტემის მფარველებმა ბევრი ადამიანი გამომიგზავნეს დღეს, რომლებიც ისევ და ისევ მოლაპარაკებას მთავაზობენ. თითქოსდა შექმნეს რაღაც ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ, გამოძიებას. მოწმეები აღარ არსებობს, ნივთმტკიცებები აღარ არსებობს. გამოძიება ვეღარ ჩატარდება ხალხო, კიდევ უნდათ რომ მომატყუონ, მე ამას არ დავუშვებ. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს მომავლისთვის ყველა ერთად ვიბრძვით. მე ყველას გიყურებთ როგორც ჩემს ძმებს, დებს, ჩემს მამებს”, – განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, სისტემას უნდა, რომ მკვლელები იყვნენ გარეთ და ეს დაუშვებელია.

„დღეს პირადად მე სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ამ მთავრობის გადადგომას. ჩემი მოწოდება არ არის ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ჩემთვის ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ უმეცარ გზას ადგანან და ისინი ჩვენ მომავალ თაობას ებრძვიან. დაუყონებლივ გამოვიდეს კვირიკაშვილი და გააკეთოს განაცხადი გადადგომაზე, არა მარტო კვირიკაშვილმა, არამედ მისმა რჩეულმა მთავრობამ. მე დღეს აქ შვილმოკლული მამა ვდგავარ. მე სანამ პირში სული მიდგას, აქედან ფეხს არ მოვიცლი, სანამ ეს სისტემ არ დაინგრევა. უნდა დაღვარონ ჩემი სისხლი, დაღვარონ, დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა მომავალში ეს არ მოხდეს. იყოს ჩემი ოჯახი ამ ტრაგედიის მატარებელი ბოლო და უკანასკნელი, რათა ჩვენ არ გვქონდეს ტატუნაშვილები, მაჩალიკაშვილები, თუნდაც სარალიძეები. რა უნდა ველაპარაკო მე ამ მთავრობას, რომლებსაც ჯიგარგამოცლილი ტატუნაშვილი დაუბრუნეს. ამათ თავად არ აქვთ ჯიგარი. დაინგრეს სისტემა”, – განაცხადა სარალიძემ.