ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხეს 
ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხეს 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რამდენიმე პირთან ერთად, დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც სარალიძემ პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტთან გუშინ პოლიციელი მივიდა, რომელმაც თავი ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსად წარუდგინა და იქ მყოფებს უთხრა, რომ რამდენიმე პირის მიმართ, მათ შორის მალხაზ მაჩალიშვილისა და ზაზა სარალიძის ძმის მიმართ, სამართალდამცველის შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

სარალიძის თქმით, პოლიციელს მისთვის კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია.

„გამოცხადდა პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი განყოფილების. აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის მე, ჩემი ძმა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, ეს არის გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. მას ხშირად გამოუჩენია ჩემს დარბევაში ინიციატივა. განმარტა, რომ 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო. ასე პოლიციელს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი გააჩეროს და უთხრას, რომ ხულიგნობის ფაქტზე მეორე დღეს დაიჭერს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე მომხდარს მის მიმართ სასამართლოში მიმდინარე საქმის მთავარ მოწმეებზე ზეწოლას უკავშირებს.

დატოვე კომენტარი