ზაზა სარალიძე - ჩემთვის მიუღებელი განაჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მივმართავ
ზაზა სარალიძე - ჩემთვის მიუღებელი განაჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მივმართავ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ელოდება და აცხადებს, რომ თუ განაჩენი არ დააკმაყოფილებს,  საზოგადოებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მიმართავს.

მისი თქმით, არსებული ორი ბრალდებულის მიმართ განაჩენი უნდა დადგეს, თუმცა, როგორც სარალიძე აცხადებს, მხოლოდ ისინი არ უნდა იყვნენ განსასჯელის სკამზე.

„თუ ისეთი განაჩენი იქნა, რომ არ მაკმაყოფილებს და დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა დარჩეს, დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მივმართავ საზოგადოებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ამ ორ პიროვნებას უნდა მიუსაჯონ, მაგრამ მარტო ესენი არ უნდა დარჩნენ ბრალდებულის სკამზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ის მიიჩნევს, რომ საქმის ძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„არ ვიცი, კანონით როგორ შეიძლება მოსამართლემ თქვას, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქმე ძიებაში და გამოძიებული იქნას ხელახლა არამარტო დანარჩენ მკვლელებზე, არამედ იმ მიმართულებით, თუ ვინ გაანადგურა ნივთმტკიცებულებები,  ვინ შეეცადა ამ საქმის გაყალბებას, ვინ ფიგურირებდა, ვინ გასცა ბრძანებები თუნდაც ფარდულის დანგრევაზე. ჟარგონით რომ ვთქვა, ვინ „კრიშავდა“ ამ საქმეს“, – განაცხადა მოკლული არასრულწლოვანის მამამ.

ის საქმის გაყალბებაში პროკურორებს ადანაშაულებს და მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

„პირდაპირ ღიად ვინც ვიცი, საქმის გამყალბებელი პროკურორები არიან ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი, რომლებიც ამ საქმის პროკურორები იყვნენ. აუცილებლად პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ყველა, დაწყებული ხორავას ინციდენტიდან დამთავრებული დღემდე,“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი დღეს გამოცხადდება. ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.