ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ სარალიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„გადადგა ნაბიჯი, როგორც იქნა, შსს-მ. 16:00 საათზე დამიბარეს დაკითხვაზე ორთაჭალაში“, – წერს სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ხელახალი გამოძიება შსს-მ ივნისში დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 1-ელ ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

საქმეზე სასამართლომ განაჩენი 31 მაისს სხდომაზე დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში  – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელებისა და იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებიც, მისი თქმით, გამოძიებას ხელს უშლიდნენ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.