ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძეს შეხვდა 

17:57, 06.02.2019

ზაზა სარალიძე და ადვოკატი ნესტან ლონდარიძე გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ აღნიშნა, გენერალურ პროკურორს გააცნო საკუთარი პრეტენზიები შვილის მკვლელობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით.

„კითხვები დავსვი ყველა საკითხზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც ვუთხარი თავად თადუმაძესაც, რომ ის პროკურორები, რომლებიც წარმართავენ ჩემი შვილის საქმეს, ან ჩემს საქმეს, არ აწვდიან სწორ ინფორმაციას. სააპელაციო სასამართლოში რაც მოხდა, ამ საკითხზე დავუსვი კითხვა, მაგრამ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდა. ეს ხდება სწორედ იმ პროკურორებისგან, ვინც თავიდან იყო ჩართული საქმის გაყალბებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით ისევ კონკრეტულად იმ პროკურორების თანდასწრებით, ვინც წარმართავს ჩვენს საქმეებს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, შალვა თადუმაძისგან კონკრეტული პასუხი ვერც ერთ საკითხზე ვერ მიიღო.

როგორც ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ 12 თემებრვალს საქმის პროკურორებთან ერთად კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართება.

„შეხვედრაზე გამოვხატეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა. არც ერთი პროკურორი არ გვაყენებს საქმის კურსში. სწორედ ეს დავაფიქსირეთ შალვა თადუმაძესთან. გარკვეული ინფორმაცია მან არ იცოდა და ეს არც დაუმალავს. აღნიშნა, რომ მოიკითხავს ინფორმაციას. შევთანხმდით, სამშაბათს, 12 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გაიმართოს შეხვედრა. მას დაესწრებიან როგორც ძირითადი საქმის, ასევე მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის პროკურორები. რაც შეეხება შეხვედრის დაგვიანებას, მათ აღნიშნეს, რომ საქმის განმხილველ პროკურორებს არ ეცალათ“, – განაცხადა ლონდარიძემ.

გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძის შესვლამდე, უწყების შენობასთან ინციდენტი მოხდა. ზაზა სარალიძე შენობის ეზოში შევიდა და საქმის პროკურორებთან შეხვედრას ითხოვდა. ზაზა სარალიძეს გენერალური პროკურატურის ტერიტორია დაატოვებინეს და განაცხადეს, რომ პროკურორები მას სამშაბათს შეხვდებოდნენ.

მსგავსი