ზაზა სარალიძე ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან აქციას განაგრძობს
ზაზა სარალიძე ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან აქციას განაგრძობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ ღამე ორთაჭალაში, შსს-ს შენობის ეზოში გაატარა.

ამ დროისთვის, შსს-სთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფება ზვიად კუპრავაც. აქციის მთავარი მოთხოვნა ხორავას ქუჩის ინცინდენტის მონაწილე ყველა პირის დასჯაა. კუპრავას თქმით, მონაწილეები უნდა დაისაჯონ იმ პროპორციით, რა დოზითაც ჩართული იყვნენ, როგორც ინციდენტში, ისე დანაშაულის დაფარვაში.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მხარდამჭერი აქცია საღამოს შვიდ საათზეა დაგეგმილი, ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მათ არ გაუვრცელებიათ.

„ზაზამ მიიღო გადაწყვეტილება, აიღო საშვი და შევიდა შსს ეზოში. ის, რომ დღეს ზაზა არის მარტო და რომ მიიღო გადაწყვეტილება, ბრძოლა მარტომ გააგრძელოს, არის იმ ადამიანების გამო, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში მას მორალურ ტერორში ამყოფებდა, თითქოსდა ვიღაც პოლიტიკოსების, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტების“ მიერ იყო მართული. ადამიანი ყავდათ სერიოზული წნეხის ქვეშ, როცა ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ითხოვდა მხარდაჭერას ადამიანებისგან, მათი პროფესიის მიუხედავად. სწორედ ამ ბინძურმა კამპანიამ ზაზას მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ სპეკულირებას ადგილი აღარ ჰქონდეს შევიდა შსს-ს ეზოში, ბრძოლას და პროტესტს მარტო აგრძელებს“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.