ზაზა სარალიძე მზად არის, დროებით საგამოძიებო კომისიასთან 24-საათიან რეჟიმში ითანამშრომლოს
ზაზა სარალიძე მზად არის, დროებით საგამოძიებო კომისიასთან 24-საათიან რეჟიმში ითანამშრომლოს

ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან 24-საათიან რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადაა, – აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სარალიძემ განმარტა, რომ მან კომისიის წევრებს დღევანდელ შეხვედრაზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა. შეხვედრაზე კომისიის მიერ გამოსაკითხ პირთა სავარაუდო ნუსხაც გაიარეს.

„კომისიასთან ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ მაქსიმალურად. გავიარეთ რაღაც დეტალები. ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრებთ. კომისიამ დაიწყო უკვე ამ საქმის მასალების გაცნობა. თვითონაც ადასტურებენ იმ დეტალებს, რა დეტალებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იმედია, საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ ჭეშმარიტებას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე განცხადებით, ის მზად არის კომისიის წევრებთან დიალოგისთვის, თუმცა დასძენს, რომ ამ დრომდე არ შეუცვლია გადაწყვეტილება და ერთადერთი დეპუტატი, რომელთანაც საუბარს არ აპირებს, ეკა ბესელიაა.

„ამ ქალბატონს არ დავუჯდები სასაუბროდ, თორემ კომისიაში იყოს. ის მოთხოვნა კი არ დამიყენებია, მაინცდამანც ააცილეთთქო, უბრალოდ, არ დავჯდები ამ ქალბატონთან სასაუბროდ“, – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის შეხვედრას დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრებთან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.