ზაზა სარალიძე - მთავარი პროკურორისგან თუ მივიღებ დაპირებას, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება, დაანონსებული აქცია არ ჩატარდება
ზაზა სარალიძე - მთავარი პროკურორისგან თუ მივიღებ დაპირებას, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება, დაანონსებული აქცია არ ჩატარდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი პროკურორისგან მიიღებს დაპირებას, რომ მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება, ის დაგეგმილ საპროტესტო აქციას აღარ გამართავს.

ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პირველ არხს განუცხადა.

„თანხმობა განვაცხადე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე. ის შემოგვეხმიანა და შევთანხმდით, რომ 25 მაისს, საღამოს 19:00-დან 20:00 საათამდე უნდა მივიდე მთავარ პროკურატურაში. ჩემთან ერთად იქნება ჩემი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ჩემი უფლებების დამცველი ზვიად კუპრავა, რომელიც პირველივე დღიდან მეხმარება ამ საქმის გამოძიებაში და ძალიან ბევრი კითხვა გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით.

რასაც ვუსმენდი ბატონ შოთაძეს, თუ მთავარ პროკურორს იგივე პოზიცია უნდა ჰქონდეს, რომ ბრალდებულების რიცხვი ამ საქმეში არ გაიზრდება და არ დადგება გარკვეული პირების პასუხისმგებლობა, მაშინ ჩვენი შეხვედრა სრულიად უშედეგო იქნება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ირაკლი შოთაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაისაჯონ ის პირები, ვინც არა მარტო ამ ინციდენტში მონაწილეობდა, არამედ კვალის დაფარვაში და გამოძიებისთვის გზის არევაში, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შედგება ჩვენი საუბარი.

მე არავის ჯინი არ მაქვს, არც პროკურატურის, არც მთავრობის, ვითხოვ კონკრეტულად ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და მათ დასჯას, ვინც ცუდი გაგებით ჩაერია ამ საქმეში. თუ ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, მაშინ დღეს დაანონსებული აქცია არ ჩატარდება”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ განცხადების გაკეთებას დღეს დილით გეგმავს.

„დილის 10:00 საათისთვის, ხორავას 4 ნომერში, სადაც მოხდა ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა და მას მერე ჯერ არ ვყოფილვარ ამ ადგილზე, გადავწყვიტე, იქიდან დავაანონსო აქცია. ამ აქციაზე ვგეგმავ პირადად მოვუწოდო მთელ საქართველოს, საზოგადოებას, რომ მხარში დამიდგნენ ჭეშმარიტების დადგენის საქმეში.

ვგეგმავთ, რომ ეს იყოს მშვიდობიანი აქცია და არანაირი პოლიტიკური ელფერი არ მიეცეს ამას, არანაირი პოლიტიკური პარტია არ იყოს ამაში აქტიურად ჩართული. ეს იქნება სამოქალაქო, მშვიდობიანი აქცია იმ მოთხოვნით, რომ აღდგეს სამართალი და ამ ერთ უბედურებას სხვა უბედურება არ მოჰყვეს, რის წინაშეც ვდგავართ, თუკი დადგება უსამართლო განაჩენი ამ საქმეზე.

აქცია ჩაიშლება მხოლოდ მაშინ, თუკი პირობა გვექნება ბატონი შოთაძისგან, რომ დანარჩენი რეალური დამნაშავეებიც დაისჯებიან”, – აცხადებს მოკლულის მამა.

ზაზა სარალიძის მტკიცებით, ორი რეალური დამნაშავე, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, ჯერ კიდევ თავისუფალია.

„არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შევიდეს, რომ თითქოს მე ვითხოვ დაკავებული ორი ბრალდებულის გათავისუფლებას. არა, ამ 2 ბრალდებულს მიესჯება საკადრისად, საკადრის განაჩენს გამოუტანს მოსამართლე, მაგრამ მხოლოდ ამ ორით არ მთავრდება ეს საქმე. ორი რეალური მკვლელი ჯერ კიდევ გარეთ დადის”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.