ზაზა სარალიძე - მე მაგათი დაცვა არ მჭირდება
ზაზა სარალიძე - მე მაგათი დაცვა არ მჭირდება

მე მაგათი დაცვა არ მჭირდება, – ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ.

„თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. 6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებენ ჩემს შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება.  მზად ვარ, ჩემის შვილის ღირსების გულისთვის და ჩემი ქართველი მომავლის გულისთვის აქვე დავღვარო ჩემი სისხლი. ვისგან უნდა რომ დამიცვას ამ მთავრობამ, ვერ ვხდები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე.

შსს-ს ცნობით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, რის გამოც მას მოწმეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებები შესთავაზეს.

„არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.

აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.

ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.