ზაზა სარალიძე ითხოვს, მთავარ პროკურორთან მის შეხვედრას მედიაც დაესწროს
ზაზა სარალიძე ითხოვს, მთავარ პროკურორთან მის შეხვედრას მედიაც დაესწროს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ითხოვს, მთავარ პროკურორთან მის შეხვედრას მედიაც დაესწროს.

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძეს 19:00-დან 20:00 საათამდე ელოდებიან. მისი თქმით, კითხვებზე დასაბუთებული პასუხების იმედი აქვს.

შეხვედრის ინიციატორი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იყო. პროკურორმა მოკლული არასრულწლოვნის მამას შეხვედრა შესთავაზა, რადგან სარალიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა მის დისკრედიტაციას ახდენს და მასზე სავარაუდოდ, თვალთვალი მიმდინარეობს.

„დღეს გავესაუბრები ბატონ ირაკლი შოთაძეს. მეც მაინტერესებს მისი მოსაზრებები. დიდი მოლოდინით ველოდები შეხვედრას. მაქვს იმედი, რომ ჩემს კითხვებზე პასუხებს მივიღებ თუ, რა თქმა უნდა, იგივე პოზიციას არ დაიჭერს, რაც გუშინდელ დღემდე ჰქონდა. მე არ ვარ მომხრე, რომ დახურულ რეჟიმში ჩატარდეს სხდომა. დასამალი არაფერი მაქვს და მინდა, საზოგადოება იყოს საქმის კურსში. მინდა, მედიის თანდასწრებით ჩატარდეს შეხვედრა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.