ზაზა სარალიძე - გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და მთავრობა
ზაზა სარალიძე - გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და მთავრობა

მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას – გავერთიანდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ჩამოვამხოთ ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა, – აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ აქციაზე გააკეთა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მან პირობა დადო, რომ ნებისმიერ ბერკეტს გამოიყენებდა.

„ჩემო მეგობრებო, მე გადავწყვიტე უკვე, რომ მომეხმო ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის და არა მარტო პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რომ ეს სისტემა უნდა დანგრეულიყო და ამ სისტემის მფარველები,  მთავრობა უნდა ჩამომხობილიყო. აუცილებლად უნდა დაისაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლები მას შემდეგ განახლდა, რაც „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ ზვიად კუპრავა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი პარლამენტთან დაბრუნდნენ და ზაზა სარალიძესა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდნენ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე #არმომკლა კონსულტაციების გამართვის დროს, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ, ზვიად კუპრავამ პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში გადაინაცვლა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მისვლისკენ მოუწოდა. ედპ-ს ოფისში მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ ლიდერები, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.