ზვიად კუპრავა - შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ
ზვიად კუპრავა - შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

შევთანხმდით იმაზე, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ზვიად კუპრავამ, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში მასსა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილი ქვეყანას უნდა მოშორდეს და როდესაც მოშორდება, რეჟიმიც აღარ იარსებებს, სისტემაც აღარ იარსებებს, სამართლიანობა იქნება აღდგენილი და ეს ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას.

ეს არის ახალი ეტაპი, ეს არის მეორე ეტაპი, ეს არის ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მივა ბოლომდე“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ამასთან, როგორც კონსულტაციების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ აღნიშნა, ისინი ამჟამად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე წავლენ და ზაზა სარალიძეს შეხვდებიან.

„ადგილზე მივდივართ, უნდა შევხვდეთ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას. სააკაშვილის ჩამოსვლა, რა შუაშია, არც თავშია და არც ბოლოში“, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება „ახალი საქართველოს“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს,  მან ოპოზიციურ პარტიებს საერთო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„მივდივართ ზაზა სარალიძესთან, მორჩა და დამთავრდა, უნდა მივიდეთ ყველა, მივდივართ იქ, ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებთ, შევიკრიბოთ იქ და დავილაპარაკოთ საერთო სამოქმედო გეგმაზე. მოვისმინოთ ამ ადამიანის პოზიცია და დავილაპარაკოთ საერთო სამოქმედო გეგმაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ბაჩუკი ქარდავას თქმით კი, მთავარი ამოცანა ზაზა სარალიძის მკვლელების დასჯაა.

„ეს ადამიანი მოვიდა, მესმის, რომ მძიმეა პროცესი, როდესაც ამდენ პროვოკაციას უძლებ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები დაისაჯოს. ამიტომ, მოვიდა ეს ადამიანი და ჩვენ ბუნებრივია, მზად ვართ, გვერდით დავუდგებით. ჩვენ ვიდექით, როგორც მოქალაქეები მის გვერდით და მზად ვართ, უფრო მეტიც გავაკეთოთ“, – აღნიშნა ქარდავამ.

რუსთაველის გამზირზე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში ზვიად კუპრავასა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის კონსულტაციები გაიმართა, მას შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია. ადგილზე იმყოფებოდა ასევე „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ხელმძღვანელი ნიკა მაჭუტაძე. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ისინი პარლამენტის წინ გაემართნენ.

ზვიად კუპრავა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში მას შემდეგ წავიდა, რაც აქციაზე ორგანიზატორებს შორის გამართული თათბირის შემდეგ ვითარება დაიძაბა.

 

 

 

 

ფოტო: ირაკლი გედენიძე