ზაზა სარალიძე „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებ​თან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს
ზაზა სარალიძე „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებ​თან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს

მუქარის შემცველმა პოსტებმა უკვე მასიური სახე მიიღო, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობენ, – ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ გააკეთა.

სარალიძე სოციალურ ქსელში მისი მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებების საკითხზე გამოკითხეს.

სარალიძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა საფრთხე ემუქრება მას და ასევე შვილმკვდარი მამებიდან რა საშიშროება მოდის.

„ფეისბუქ“ პოსტებს ყველას რეალური ავტორი ჰყავს. ამ 11 თვის განმავლობაშიც ასეთი სახის ძალიან ბევრი პოსტი დადებულა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. იქიდან გამომდინარე, რომ ათასში ერთი იყო. ახლა უკვე მასიური სახე მიიღო არა მარტო „ფეისბუქ“ პოსტებიდან, არამედ მთელი ხელისუფლება საუბრობს დესტაბილიზაციასა და ჩვენ მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე. უკვე საჭიროდ ჩავთვალე ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ დესტაბილიზაციაზე რატომ საუბრობენ. მაგალითად, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ სიფრთხილისკენ რატომ მოგვიწოდა და ეს პიროვნება საფრთხეში რას გულისხმობდა. აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს და საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს შვილმოკლული მშობლებიდან რა საშიშროებაა.

პირდაპირ მუქარას მე ვერც ვერავინ გამიბედავს. არის შეურაცხმყოფელი სიტყვები „გადაშენდი აქედან“. ერთ-ერთ „სქრინში“, რაც შენახულიც მაქვს, ერთ-ერთი პოსტს წერს – „სარალიძე ვიდრე შვილივით არ აიჩეხება, ერთ ადგილს არ დააყენებს”.

ერთი ბათუმელი ქალი ყოფილი ბიზნესმენის ბონდო შალიკიანის ოჯახის ტრაგედიაში პირდაპირ მადანაშაულებს. რაში მადანაშაულებს, გასარკვევია და ყველაფერს კანონიერი სახე მიეცემა“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, მუქარის შემცველი შეტყობინებების პარალელურად, მერიის მიერ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გავრცელება კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ქმნის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომ ამ მუქარის შემცველი ტექსტების გავრცელებას თან მერიის მიერ ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გავრცელება ახლდა. მათ შორის ტელეფონის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. ეს საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. საფრთხის ქვეშ დგება არა უშუალოდ ზაზა სარალიძე, არამედ მისი ოჯახი, რომელიც ამ მისამართზე ცხოვრობს.

ამ ფონზე, როდესაც აგრესიული შეტევა ხორციელდება მის მიმართ, ნამდვილად ვერ მივიღებთ მერის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო. თუ ვინმეს კონკრეტულად ინფორმაცია აქვს რა იგეგმება ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, ვითხოვთ, ამის მტკიცებულება წარმოადგინონ“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს, რაზეც პროკურატურას გამოძიების ჩატარებას თხოვს. გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 

დატოვე კომენტარი