ზაზა სარალიძე - ფაქტია, რასაც პროკურატურა აშავებდა, იმავეს აშავებს დღეს შსს
ზაზა სარალიძე - ფაქტია, რასაც პროკურატურა აშავებდა, იმავეს აშავებს დღეს შსს

ფაქტია, რასაც პროკურატურა აშავებდა, იმავეს აშავებს დღეს შსს, – ამის შესახებ პირველ არხს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მოწმე კალანდია ცრუ ჩვენებისთვის უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ საქმეში მერაბ მორჩაძე შემოიყვანეს, რათა ეს ცრუ ჩვენება გადაფარონ.

„სანამ განაჩენი ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა, შსს-მ თამაშში ვიღაც მერაბ მორჩაძე შემოიყვანა, რომლის დაკავებითაც ცდილობენ კალანდიას ჩვენების გადაფარვას, თითქოსდა, ზეწოლით მოახდინა ჩვენების შეცვლა. ახლა მთავარი კითხვა რაც მაქვს და დღემდე ვუსვამ შსს, თუ მერაბ მორჩაძემ განახორციელა კალანდიაზე ზეწოლა და 11 აპრილს შეცვალა ჩვენება, 13 აპრილს ვისი ზეწოლის ქვეშ შეცვალა ჩვენება კალანდიამ, ამას რატომ არ იძიებენ. ეს იყო სპეცილურად გადადგმული ნაბიჯები, რომ როგორმე „გააპრავონ“ კალანდიას ჩვენება და არ მისცენ თუნდაც ცრუ ჩვენების მიცემისთვის პასუხისგებაში, ეს არის სისულელე, ამით ვის ატყუებენ.

ფაქტია, რომ რასაც პროკურატურა აშავებდა, იმავეს აშავებს შსს დღეის მდგომარეობით. თავიდანაც ვიძახდი, რომ მოსამართლე ეკა არეშიძეს მართლა ტაშს დავუკრავ, მივესალმები, რომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ სიმართლე გამოიტანა განაჩენში. არ არის ის ერთი ადამიანი ჩემ შვილთან შემხებლობაში და რატომ უნდათ „შეტენონ“ ჩემი შვილის მკვლელობა. ვერ ვხვდები, კი ბატონო ერთმა იხმარა დანა, რატომ უნდათ რომ „შეტენონ“, ცდილობენ კალანდია „გააპრავონ“ და მირზა სუბელიანი გადაფარონ. კარგით რა, სირცხვილია! კალანდია ელემენტარული ცრუ ჩვენებისთვის უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ მორჩაძე შემოიყვანეს, რომ გადაფარონ ცრუ ჩვენება“, – განუცხადა პირველ არხს ზაზა სარალიძემ.