ზაზა სარალიძე - ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომელი დანით მიაყენეს ჩემს შვილს სასიკვდილო ჭრილობა
ზაზა სარალიძე - ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია, რომელი დანით მიაყენეს ჩემს შვილს სასიკვდილო ჭრილობა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის შედეგი უკვე ცნობილია, თუმცა სხდომაზე ჯერ არ გამოუკვლევიათ.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნას, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე გამოიკვლევენ.

დასკვნას უკვე გაეცნო ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე. სარალიძე ამბობს, რომ ამ ექსპერტიზით არ არის დადგენილი, რომელი იარაღით აქვს მიყენებული მის შვილს სასიკვდილო ჭრილობა.

„ზედაპირულად გადავხედე საექსპერტო დასკვნას. მისი განხილვა, სავარაუდოდ, მომდევნო პროცესზე იქნება. პირდაპირ მიმანიშნებელია, რომ ჩემი შვილის სასიკვდილო ჭრილობაზე ამ დასკვნაში არ წერია, რომელი დანით იყო მიყენებული, ესეიგი ჯერ შეუძლებელია დადგენა, ვისგან იყო მიყენებული. ეს ორი ბრალდებული, რომლებიც აქ სხედან, ნამდვილად არიან დამნაშავეები, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კიდევ სხვა იარაღი იყო გამოყენებული. ყველაფერი აქვთ, დანები, ტანსაცმელი და ვერ დადგინდა, რომელი იარაღიდან არის ჭრილობა მიყენებული. გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების საუბარს მოარგო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.