ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ აქციაზე შეკრებილების მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ აქციაზე შეკრებილების მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციისთვის ემზადებიან.

როგორც ზაზა სარალიძემ აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.

„ყველა, ვინც ხელი დააფარა ამ საქმეს, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. კონკრეტულად აქციაზე ვისაუბრებ. დღესაც ხელს აფარებენ მკვლელებს და საქმის გამყალბებლებს. ეს არ არის პოლიტიკოსების აქცია, ეს არის შვილმოკლული მშობლების აქცია. შეუძლიათ შემოგვიერთდნენ როგორც პოლიტიკოსები, თანამოქალაქეები, ძმები, დები. აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში არიან ჩარეული.

„მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რასაც ვითხოვდი ყოველთვის – დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ საქმეში არიან ჩარეული. ხმამაღლა ვიტყვი  – ამ ტერაქტში გარეული, ვისაც ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი. კონკრეტულ სახელებს ყოველთვის ვასახელებდი, ესენი არიან გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცნაზელი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.