ზაზა სარალიძე - არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არც კი დაკითხულან, კომისია მათ იპოვის და გაესაუბრება
ზაზა სარალიძე - არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არც კი დაკითხულან, კომისია მათ იპოვის და გაესაუბრება

ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციები იურიდიული განხრითაც. რაც საქმის მასალებში ჩანს, საქმე აბსოლუტურად შეკერილია, – ამის შესახებ  ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ უნდა დაიბაროს ყველა ის ადამიანი, რომელიც საქმის „შეკერვას“ ცდილობდა.

„რა თქმა უნდა, იმ პოზიციაზე ვარ, უნდა დაიბარონ ის პიროვნებები, პროკურორები, გამომძიებლებიც, ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ამ საქმის შეკერვას ცდილობდა. იქ რამდენიმე მოწმე დავასახელეთ, ზუსტ სახელებსა და გვარებს ვერ გეტყვით, გამოძიების ხელის შეშლიდან გამომდინარე. იქ ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც დაკითხულიც კი არ არიან და კომისია მათ იპოვის და გაესაუბრება.

კომისიასთან ვითანამშრომლებ დღის და ღამის ნებისმიერ დროს და მას აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ვენდობი. ამ კომისიამ მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ეკა ბესელიას, ადამიანმა, რომელმაც პირდაპირ დამადანაშაულა, კიდევ მადანაშაულებს, თითქოს ჩემ უკან ამოფარებულია პოლიტიკა და როგორ ვენდო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც სარალიძემ განაცხადა, ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნება და მისი მიზანია, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ჭეშმარიტების დადგენაა.

„პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, პოლიტიკას აბსოლუტურად ვემიჯნები. ნაციონალებსაც, ოცნებასაც, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიას ვემიჯნები. ჩემი მიზანი ამ საქმიდან ჭეშმარიტების გამოვლენაა, რაშიც კომისიას სრულ ნდობას ვუცხადებ. ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, იმას როგორ უნდა ვენდო. ადამიანი, რომელიც მე მადანაშაულებს, რომ პოლიტიკური ფიგურები დგანან. ახლა შევატრიალოთ. მე რომ ბესელიას დედა შევაგინო და მერე ბოდიში მოვუხადო, შენზე შეგინება არ გამითვალისწინებიაო, იგივე ფაქტორია. ბესელიას აბსოლუტურ უნდობლობას ვუცხადებ. დანანარჩენი წევრების მიმართ ნდობით ვარ აღჭურვილი. ეს ხალხი იმ მიზანს მიაღწევს. ვინ მფარველობდა ამ გამოძიებას და ჩემი შვილის მკვლელები ვინ არიან, გამოააშკარავებენ. სადაც ჩავთვლი საჭიროდ და თვითონაც რასაც საჭიროდ ჩათვლიან, იმ სხდომას დავესწრები. ჩემი ადვოკატი დაესწრება. გინდ მე ვყოფილვარ, გინდ ჩემი ადვოკატი, აბსოლუტურად იგივეა.

რაც შეეხება აქციებს, ისევ და ისევ ძალაში რჩება. კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები, რომელზეც უკვე ხელმოსაჭიდი აქვს ხელისუფლებას, რომელი პირებიც უნდა დააკავონ. აქ საუბარი კონკრეტულ პირებზეა. ასეთი საკმაოდ ბევრია. სანამ ჭეშმარიტებას არ მივაღწევ, სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ. ჩემი შვილის ღირსებას მაქსიმალურად დავიცავ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა მიმდინარეობს. კომისია აირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, დამტკიცდება დებულება, განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებს.