ზაზა სარალიძე - აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე [ფოტო, ვიდეო]
აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში განაცხადა, რომელმაც აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ დატოვა.
სარალიძემ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ერთად დატოვა.
როგორც პირველ არხს აქციის ორგანიზატორმა რევაზ ქარჩხაძემ განუცხადა, ზაზა სარალიძეზე გავლენა ნინო ლომჯარიამ მოახდინა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ტერიტორიის დატოვება.
„ზაზა მოვიდა ჩვენთან მხარდასაჭერად იმიტომ, რომ რაც აქ გაჟღერდა ყველაფერი მართალია. ლომჯარიას რაც შეეხება, მთელი აქციის განმავლობაში იჯდა და ესაუბრებოდა. ადგა კაცი და წავიდა. გაიჟღერა ვერსიამ, რომ მისი მეუღლე იყო ცუდად, მაგრამ არის მეორე ვერსიაც, რომ მასზე მოახდინეს გავლენა. ცუდად ჟღერს მაგრამ დიდი შანსია, რომ ასე იყოს“, – განაცხადა რევაზ ქარჩხაძე.
როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ზაზა სარალიძე სახლში მიდის, რათა დაისვენოს.
„სახლში უნდა ადამიანს, ორი წუთი რომ დაისვენოს. თვითონ ადამიანს არ უშვებენ სახლში. შეიძლება ამ მდგომარეობაში ჩააყენო ადამიანი?“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.