ზაზა სარალიძეს სოლიდარობა ფოთშიც გამოუცხადეს
ზაზა სარალიძეს სოლიდარობა ფოთშიც გამოუცხადეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განაჩენთან დაკავშირებით ფოთში საპროტესტო აქცია – „ნუ მომკლავ“ გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

„ეს აქცია აპოლიტიკურია. იგი სპონტანურად, სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. მოვითხოვთ ერთადერთ რამეს – იქნას გამოძიებული ყველაფერი სამართლიანად და დასჯილ იქნან მკვლელები. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ეს არ არის განსაკუთრებული მოთხოვნა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პედაგოგი ნინო დვალიშვილი.

აქციის მონაწილეები ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ.
სასამართლოს განაჩენით, გ.ბ. რომელსაც ბრალი ედებოდა არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის, ასევე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ცნობილი იქნა დამნაშავედ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, ხოლო სრულად გამართლდა არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში.

რაც შეეხება ბრალდებულ გ.ჯ. -ს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე თავის ახლობლებთან ერთად, მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციას გამართა. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.