ზაზა პაპუაშვილი - პარტიის პოლიტსაბჭო სრულიად უნდა შეიცვალოს
ზაზა პაპუაშვილი - პარტიის პოლიტსაბჭო სრულიად უნდა შეიცვალოს

პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოზიტიურად ვაფასებ და ჩემთვის ეს გამართლებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, ძირეულ ცვლილებებს ელოდება, რაც ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის.

„როგორც მე წარმომიდგენია, რომ ერთი დღე მეორე დღეს არ ჰგავს, ვფიქრობ, სწორედ ასე იქნება ივანიშვილის შემობრუნება. ისე ვერ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. მე ყოველდღე ველოდები არა ცვლილებებს ცვლილებისთვის, არამედ – აზრიან ცვლილებებს, რომლებიც ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის, ვინაიდან ეს პოლიტიკა, ვფიქრობ, ცოცხალ დროსთან არის მიბმული. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ და არ უნდა ჩავვარდეთ სადღაც ჭაობში.

ვფიქრობ, საჭიროა დაკონკრეტდეს, რა პრობლემები გვაქვს, უფრო მკვეთრად უნდა გამოიხატოს პრიორიტეტები. ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერ და აქტიურ მონაწილეობას მივიღებ.თუ რამე არ გამოდის, უნდა ავხსნათ მიზეზი, რატომ არ გამოდის“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ზაზა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიაში საინტერესო თანამდებობაზე დაბრუნდა.

მისი საპრეზიდენტო კანდიდატურა პირადად მე არ მომწონს. მე მგონი, საინტერესო ადგილზე დაბრუნდა. მე მაგალითად არ შევთავაზებდი პრეზიდენტობას, კრიზისი ჩვენი თანმდევია, ასე ვაღწევთ კრიზისიდან წარმატებამდე, კრიზისის ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მთავარია, კარგად გამოვიტანოთ დასკვნა და სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ვფიქრობ, პოლიტსაბჭო სრულიად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.