ზაზა პაპუაშვილი- ვფიქრობ, დამამცირებელია იმის გამო შეგიყვანონ პარლამენტში, რომ ქალი ბრძანდები
ზაზა პაპუაშვილი- ვფიქრობ,  დამამცირებელია იმის გამო შეგიყვანონ პარლამენტში, რომ ქალი ბრძანდები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი ქალთა სავალდებულო კვოტირების წინააღმდეგია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კვალიფიკაციისაა და გამოცდილების მიხედვით უნდა ხვდებოდნენ და არა სავალდებულოდ გენდერული ნიშნით.

,,წინააღმდეგი ვარ, ეს კვოტები კანონის რანგში ავიდეს. ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც ჩათვლის, რომ მეტი ქალი სჭირდება, თავად უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. არ შეიძლება, საჯარო სამსახურში ადამიანების დაყოფა ასე მოხდეს – ეს ქალია, ის -კაცი, ცოლიანები, უცოლოები, ქუნთრუშებიანი, უქუნთრუშოები. როცა ექიმთან მივდივართ, არ ვკითხულობთ, ქალთან მივდივართ თუ კაცთან, ვკითხულობთ როგორი კვალიფიკაციის ექიმთან მივდივართ”,-განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გენდერული კვოტით პარლამენტში მოხვედრა  ქალბატონებისთვის დამამცირებელი იქნება.

„ვფიქრობ, ქალბატონები, ვინც არიან და იყვნენ პარლამენტში, თავიანთი შრომის, კვალიფიკაციის და გამოცდილების შედეგად იყვნენ აქ. დამამცირებელია, იმის გამო შეგიყვანონ საკანონმდებლო ორგანოში, რომ ქალი ბრძანდები”,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქალები პოლიტიკაში გენდერული ნიშნით არ იჩაგრებიან და შესაბამისად, სავალდებულო კვოტირების ნორმის შემოღება არასწორი იქნება.

,,მაშინ შემოვიღოთ ვალდებულება, რომ ოთხი შვილი გააჩინონ, ჯარში წავიდნენ და ასე შემდეგ. მე ასეთი პრანჭიაობის არ მჯერა”,- აცხადებს ზაზა პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ სავალდებულო კვოტირება ქალებზე ზრუნვის ფორმა არ არის და სურვილის შემთხვევაში, ამის გაკეთების სხვა გზებიც არსებობს.

,,თუ ქალზე ზრუნვა გვინდა, სხვანაირად ვიზრუნოთ, შევუმციროთ სამუშაო დრო, ხელფასი მოვუმატოთ, თუ დეკრეტში გავლენ ნუ ვანერვიულებთ, შევუნარჩუნოთ ადგილი, რათა ორ წლამდე ბავშვი ზარდონ. ოჯახსაც მიხედავენ და მეგობრებსაც, კონცერტზეც წავლენ”,–განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.