ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლეს საბჭოში სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლეს საბჭოში სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, გადაწყვეტილება დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 10 ხმით ოთხის  წინააღმდეგ მიიღეს.

„ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“  დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

მისი განმარტებით,  ზაზა ოქუაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2018 წლის 20 დეკემბერს თავად მიმართა.

სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ,  ელგუჯა ბაგრატიონმა ზაზა ოქუაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამდე პროცესის შეჩერება მოითხოვა. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ამავე ფრაქციის წევრმა, ასმათ დიასამიძემ. მათ  განცხადების ელექტრონულ ვარიანტთან დაკავშირებითაც გაამახვილეს ყურადღება, რაზეც განმარტება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ და საკითხის მომხსენებელმა გააკეთეს.