ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ მალე დატოვებს 
ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ მალე დატოვებს 

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, მალე დატოვებს. იგი უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდა.

ზაზა ოქუაშვილი რამდენიმე თვეა უმაღლესი საბჭოს სხდომებს არ დასწრებია. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეპუტატი თავად აპირებს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართოს.

„ვინაიდან დეპუტატმა თავად გადაწყვიტა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უმაღლეს საბჭოს პირადი განცხადებით მიმართოს, ამიტომ უმაღლესი საბჭო არ განიხილავს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი ამის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ცოტნე ანანიძემ.

ოპოზიციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოქუაშვილი განცხადებით არ მიმართავს უმაღლეს საბჭოს და მისი უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტა მაინც განიხილება, ეს შეფასდება, როგორც ზეწოლა ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატზე.

რეგლამენტის მიხედვით, უმაღლეს საბჭოს ცალკეული დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენება მას შემდეგ შეუძლია, თუ დეპუტატი სამ თვეზე მეტხანს, არასაპატიო მიზეზით სხდომებს არ დაესწრება.

დატოვე კომენტარი