ზაზა ნადირაძე - მადლობა გულშემატკივრობისთვის, ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ
ზაზა ნადირაძე - მადლობა გულშემატკივრობისთვის, ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ

კანოისტი ზაზა ნადირაძე, რომელმაც მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.

„მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გულშემატკივრობისთვის, მიხარია, რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ. ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა ამ შედეგისთვის, თორე მოგება კი არა, ფინალში ძლივს გავედი. როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს ვუგულშემატკივრებთ და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის, ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ.

გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით ნამდვილად გავიხარებთ. ასეა ეს და რა ვქნა?! მადლობა ყველას!” – წერს სპორტსმენი „ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კანოისტი ზაზა ნადირაძე მსოფლიო თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულია.

23 მაისიდან პოლონეთის ქალაქ პოზნანში ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასი მიდინარეობს. ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრზე გაცურვაში იასპარეზა და ფინალში საუკეთესო დრო დააფიქსირა – 39.191 წამი.

აღსანიშნავია, რომ შარშან, ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო (39.200). ზაზა პირველი ქართველი კანოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.