ზაზა ლომინაძე - შვეიცარიაში შეხვედრებზე ვისაუბრებთ ურთიერთობების მეტად დაახლოებაზე, უნდა მოხდეს პროექტების მხარდაჭერა, რაც მეტ სავაჭრო ბრუნვასა და ქვეყანაში მეტი ტურისტის ჩამოსვლას ითვალისწინებს
შვეიცარიაში შეხვედრებზე ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ შვეიცარიაში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, ეს ვიზიტი მეტად დაახლოებასა და დამეგობრებას ემსახურება.
„შვეიცარიის კონფედერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუმჯობესდა როგორც საპარლამენტო, ისე მთავრობის დონეზე. ეს ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ მეტი დაახლოება და დამეგობრება მოხდეს. იცით, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა მდგომარეობა ტურიზმის მიმართულებით. ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, დაახლოებით, 28-30 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 40-მდე შვეიცარიული კომპანია ოპერირებს და ბოლო პერიოდში მათი ინვესტიცია 12-13 პროცენტით არის გაზრდილი. შვეიცარიის ორივე პალატაში გვექნება შეხვედრები და ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შეიძლება, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. შარშან საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, პირდაპირი შესყიდვით ქვეყანაში შემოიტანოს ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები. ეს მედიკამენტები უკვე ხმარდება ონკოპაციენტებს. ამის გაფართოებაც იგეგმება. ამიტომ პროექტების მხარდაჭერა უნდა მოხდეს, რაც ითვალისწინებს მეტ სავაჭრო ბრუნვასა და ქვეყანაში მეტი ტურისტის ჩამოსვლას. სწორედ ამ მიზნით გაიმართება შეხვედრები“, – განაცხადა ლომინაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა.