ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ.
ღონისძიება ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართა, რომელიც საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
მინისტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულა.
კონცერტზე ასევე წარდგნენ ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და ოთო ბაზერაშვილი.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ კონცერტს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მუხთარ ბაბაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.