ზაზა ლომინაძე - აქციის მონაწილეებთან მოვედი, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნა, ყველა საკითხი განიხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე
ზაზა ლომინაძე - აქციის მონაწილეებთან მოვედი, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნა, ყველა საკითხი განიხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა ხელისუფლების მზადყოფნა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

„იცით, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა ქუთაისში მოლაპარაკება. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა ქუთაისში და აწარმოებდა მოლაპარაკებას, მასთან შეთანხმებით ამოვედი დღეს აქ, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა მოლაპარაკების გაგრძელების მზადყოფნა და ყველა ის საკითხი, რაც აქციის მონაწილეებმა და ხელმძღვანელებმა დააყენეს ჩვენს წინაშე, ყველა ეს საკითხი იხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე და აუცილებლად ვაცნობებთ. კიდევ ერთხელ მოვედით, რომ ეს ყველაფერი მათთვის გვეთქვა, ისევე, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, ის, რაც დაიწყო თბილისში, რაც დაიწყო აქ, ამ ადგილზე, შემსუბუქება და ნაწილობრივ აღება. ყველას გაგვაჩნია საკუთარი შეხედულება, ჩვენ ჩვენი შეხედულება გვაქვს, მაგრამ მთავარი არის, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვართ გვერდში და ყველა იმ საკითხს ვიხილავთ, რაც მწვავედ დგას ქუთაისში და საქართველოში“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს პირადად მას ჰესთან დაკავშირებით, ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ ჰესები უნდა აშენდეს.

„მე ერთი ვიცი, რომ საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს. ყველა ჰესის მშენებლობა უნდა განიხილებოდეს მისი საგებლობისა და ზიანის შეფასებით, ისევე, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ბატონ ვარლამთან და ბატონ მირზასთან ერთად, ჩვენ ამ საკითხს ვიხილავთ. ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენს მხარეს არიან და მზად არიან, განიხილონ ეს საკითხი. ისინი გვიმტკიცებენ, რომ არ უნდა აშენდეს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უნდა აშენდეს“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია, როგორც ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, მისი აზრით, შესაძლებელი იყო მიწის უფრო მცირე ვადით გადაცემა.

„ეს საკითხი იხილება პრემიერ-მინისტრის დონეზე. მე ვთვლიდი და ეს ჩემი აზრია, რომ 99 წლის ნაცვლად, შეიძლება, ჩაწერილიყო 49 წელი, ისე, როგორც სხვა ჰესების შემთხვევაში და პირობების შესრულების შემთხვევაში, შემდგომ გაგვეგრძელებინა, თუ ამას საქმე მოითხოვდა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ სათათბურე პირობებშია კომპანია, ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ სასათუბურე პირობები საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შექმნილი.

„სასათბურე პირობები უნდა შევუქმნათ საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ჩემი პასუხი. ეს ადამიანები არიან რთულ პირობებში და იმიტომ ვარ აქ“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

დატოვე კომენტარი