ზაზა ლომინაძე - ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონცეფცია არის ადეკვატური და სწორი
ზაზა ლომინაძე - ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონცეფცია არის ადეკვატური და სწორი

კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ლომინაძეს განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული.

„დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები, რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანეს, ეს გარანტიები არის და იქნება შესრულებული. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ გვეყოლება. ჩვენი კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კონცეფცია იყო სწორი და ადეკვატური“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ.

პრეზენტაციაზე განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე. აღინიშნა, რომ, მრავალი ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.