ზაზა ხუციშვილი - ეკა ბესელიას საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვის მომხრე ვარ
ზაზა ხუციშვილი - ეკა ბესელიას საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვის მომხრე ვარ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას საკითხთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვის მომხრეა და მიიჩნევს, რომ სიტუაციის დალაგება შესაძლებელია.

ხუციშვილი ამბობს, რომ უთანხმოების მიზეზებზე მსჯელობა გუნდში ეკა ბესელიას თანდასწრებით უნდა მოხდეს და ასეთი შეხვედრა, მისივე ინფორმაციით, იგეგმება.

„ქალბატონმა ეკამ თქვა, რომ როდესაც საერთო შეხვედრა იყო და იხილებოდა ეს საკითხი, კარგი იქნებოდა თავადაც დასწრებოდა. ამ პოზიციას ვიზიარებ. თავადაც უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრაზე. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა შედგება და იქ გადაწყდება. მე უფრო საერთო ენის გამონახვის მომხრე ვარ ყველა სიტუაციაში და ეს სიტუაციაც დალაგდება“,- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დეპუტატი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზების შესახებ მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ეკა ბესელიამ საჯაროდ განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით და მისთვის სხვა მიზეზები უცნობია.

რაც შეხება შეკითხვას, დაარღვია თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გუნდურობის პრინციპი, ხუციშვილი ამბობს, რომ გუნდში ინდივიდუალური ადამიანები არიან, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული პოზიციებიც ჰქონდეთ.

„როდესაც გუნდის წევრი ხარ, გუნდურობის პრინციპის დაცვა არის სასურველი, მაგრამ ამ გუნდში არიან ინდივიდუალური ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა საკითხზე აქვთ თავისი მოსაზრება.

თუ ამ მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მათ არ ექნებათ, ბევრი დეპუტატი ალბათ დააყენებს საკითხს, რამდენად სწორია მისი ყოფნა. ვფიქრობ, რომ ბალანსის დაცვა სწორედ ამაში მდგომარეობს. გუნდის წევრი უნდა იყო, მაგრამ ყოველთვის უნდა გქონდეს შენი მოსაზრება. თუკი რაღაც საკითხზე შეთანხმება არის გუნდში, რომ ამაზე ვიდრე არ ვიმსჯელებთ, გარეთ ნუ გამოვიტანთ, მაშინ ვთვლი, რომ ეს უნდა დავიცვათ ყველამ. სხვა შემთხვევაში, გუნდის წევრებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას არავინ არ უშლის“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.