ზაზა ხუციშვილი დაინტერესდა, 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსიის დამატებით ზრდა მომავალი წლის იანვრიდანვე რატომ არ არის გათვალისწინებული
ზაზა ხუციშვილი დაინტერესდა, 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსიის დამატებით ზრდა მომავალი წლის იანვრიდანვე რატომ არ არის გათვალისწინებული

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი დაინტერესდა, რატომ არის 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსიის დამატებით 30 ლარიანი ზრდა მომავალ წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული პირველი ივლისიდან და არა, წლის დასაწყისიდან.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მსჯელობენ.

დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა პენსიების მატებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მატება საარჩევნო წლის გამო არ ხდება.

„მინდა, გამოვეხმაურო პენსიების მატებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს საარჩევნო წელზე არის გათვლილი. ჩვენ სამთავრობო პროგრამაში 2016 წელს მოსახლეობისთვის ტყუილი არ გვითქვამს, ვუთხარით, რომ მატება იქნება იმის მიხედვით, რის საშუალებასაც მოგვცემს ბიუჯეტი, კონკრეტული ციფრი არ იყო მითითებული, თუმცა 2018 წლის დასაწყისშივე, დავაანონსეთ, რომ 2019-2020 წლებში იქნება 20 ლარიანი მატება და ამას ვასრულებთ. მისასალმებელია, რომ 70 წელს მიღწეული და შემდეგ პენსიონერები კიდევ დამატებით 30 ლარს მიიღებენ, მაგრამ რატომ პირველი ივლისიდან, რასთან არის დაკავშირებული ეს მატება, რადგან შემოსულობები მეტნაკლებად თანაბარია, ასევე, პედაგოგები პირველი სექტემბრიდან. ამ საკითხს უკვე აბამენ ოპოზიციონერები კუდს, თითქოს უკავშირდება საარჩევნო წელს. განგვიმარტეთ, რატომ არა თავიდანვე, წლის დასაწყისში და რატომ შემდეგ“, – მიმართა მან კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამის რესურსი, რასაც დაახლოებით 80 მლნ ლარი სჭირდებოდა, მომავალი წლის დასაწყისში არ იყო.

„რაც შეეხება იმას, რომ 70 წელს მიღწეული და შემდეგ პენსიონერები კიდევ დამატებით 30 ლარს პირველი ივლისიდან მიიღებენ და არა პირველი იანვრიდან, სამწუხაროდ, არ გვეყო რესურსი, დამატებით დაახლოებით 80 მლნ ლარი უნდოდა ამას და რესურსი ვერ გამოიძებნა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ პირველი ივლისიდან მიიღებენ. რაც შეგვეძლო გადაგვენაწილებინა და მაქსიმალურად ადრე დაგვეწყო, დავიწყეთ თითოეული მიმართულებით – ეს იქნება პოლიციელების ხელფასი, სასწრაფოს თანამშრომლების ხელფასი თუ პენსიების დამატებითი ზრდა. საიდანაც შესაძლებელი იყო, რესურსი გვქონოდა, იმ თვიდან დავიწყეთ და ამიტომ გადავიდა სხვადასხვა თვეში. მეტი ფული რომ გვქონოდა, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, პირველი იანვრიდან დაგვეწყო პენსიების დამატებითი ზრდა“,  – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.